“გადასამოწმებელია ეს ყველაფერი” კობახიძესთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო – მან ეს დავით ჯელაძის შემთხვევაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა და აღნიშნა, რომ ბევრად უსაფრთხო იყო იმავე ნაპირზე დარჩენა.
“ვაიმე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი” – ასე ეხმაურება შოვში, მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას. ჯელაძის პოსტზე, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია შოვში, რომ გადარჩენილიყვნენ, კობახიძემ თქვა, რომ “გადასამოწმებელია ეს ყველაფერი”. მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.
“ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი. რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. ბევრი ადამიანი დარჩა […] ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი”, – თქვა კობახიძემ.
ჯელაძემ Facebook-ზე გაავრცელა ფოტო წარწერით: “ეს ანასტასიაა, ჩემი უშიშარი და მებრძოლი. ტასი 4 საათის განმავლობაში ებრძოდა ამ საშინელებას”. მმართველი გუნდის ლიდერმა სპეკულაცია და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
ლანა ჯელაძე, დავით ჯელაძის და, რომელიც სტიქიის დღეს შოვში იმყოფებოდა წერს:
“იმის მაგივრად რომ მოგეკითხეთ, ჩემს ოჯახს და იქ გადარჩენილებს შეურაცხყოფას გვაყენებთ…შენ რა ადამიანი ხარ? – წერს ლანა ჯელაძე სოციალურ ქსელში.
მარიამ ჯელაძე სოციალურ ქსელში წერს:
“16 ადამიანი. ვითხოვდით შველას, ტალახში ვიხრჩობოდით 4 საათი.ღმერთმა სასწაული მოახდინა და გადავრჩით.მადლობ უფალს, მადლობა ჩემს რაჭველ ბიჭებს ჩვენამდე მოაღწიეს და გამგვიყვანეს იმ ჯოჯოხეთიდან, როგორ არ გრცხვენია, ირაკლი კობახიძე მსგავს განცხადებას რომ აკეთებ. საერთოდ გაჩუმდი და ხმას ნუ იღებ”.
შოვში, სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ იმ მომენტში, ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ჯელაძე ჰყვება, რომ მეწყერს მის თვალწინ მიჰქონდა ადამიანები.
“ხიდზე რომ შემოვდექით მახსოვს, რომ წინა მხარეს გაჩერდა მანქანა და რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა. მახსოვს ბიჭი და გოგო. შემდეგ კოტეჯების მხრიდან მორბოდნენ კიდევ გოგო და ბიჭი, ხიდზე რომ შემოვიდა ეს შავი მასა და შიგნით რომ მოვექეცით ყველა, ამის შემდეგ ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ვეღარავის ვხედავდი. ეს ადამიანები წამიერად გაქრნენ. ხიდზე საკმაოდ ბევრი ადამიანი ვიყავით, ხიდის დაბლა, კალცის წყლებთანაც უამრავი ადამიანი იყო და რომ გადავიხედე კალცის წყალთან, ის ტერიტორიაც უკვე მიჰქონდა. როგორც წეღან ვთქვი, მანქანებიანად მიჰქონდა ხალხი. ყველაზე მეტად რაც მახსოვს არის ის, რომ კაცი წაიღო ხიანად. შემდეგ რომ შევედით ამ მასაში, ჩემი ძმაც ამბობს, მაშო რომ გადაჰყავდა, კოტეჯებიდან ჯერ კიდევ ისმოდა ადამიანების განწირული ხმა, ერთი ადამიანი სტვენდა კიდეც თურმე, შველას ითხოვდა. ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა”- ამბობს ჯელაძე.
“გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე”, – დაწერა მარიამ ბერიანიძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 21 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.
დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი “გადასამოწმებელია”.