“გადავარჩინოთ ბახმარო”- სოლიდარობის აქცია თელავში
სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციას „გადავარჩინოთ ბახმარო“, თელავშიც შეუერთდნენ. აქციის ორგანიზატორები, გურიის რეგიონში მდებარე კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარეებზე ბახვისწყალსა და მის შენაკად ბაისურაზე, „ბახვი 1 ჰესის“ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.
აქტივისტები თვლიან, რომ ჰესების მშენებლობა, იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
” ჩვენ არ გვჯერა, რომ იქ რამე ხარისხიანად გაკეთდება. თუნდაც გაკეთდეს, ვის აქვს გარანტია, რომ სეისმურად აქტიურ რეგიონში, ჰესი არ დაზიანდება, იქაურ სოფლებსა და ქალაქებს არ წალეკავს და ადამიანები არ დაიხოცებიან. ეს ჰესები საშიშია იქ მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლისათვის”- განაცხადა ერთ- ერთმა აქტივისტმა, რამაზ აივაზაშვილმა.
აქციის მონაწილეები იმ პეტიციასაც შეუერთდნენ, რომლითაც ბახმაროში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, გურიის მთიან ზონაში დაცული ტერიტორიის შექმნას ითხოვენ.
სადაო ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესახებ, მემორანდუმი ეკონომიკის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანია „ცერბერუს ფრონტიერს“ შორის, გასული წლის აგვისტოში უკვე გაფორმდა.
ინვესტიციის მოცულობა, რომელიც პროექტის მეშვეობით განხორციელდება, დაახლოებით 15.83 მილიონი აშშ დოლარია პროექტის თანახმად, “ბახვი – 1 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 12 მგვტ-ს შეადგენს. მან წელიწადში დაახლოებით 50 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია უნდა აწარმოოს.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 50-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.
აქციები ” გადავარჩინოთ ბახმარო” დღეს, ბათუმსა და თბილისშიც ჩატარდა.