მნიშვნელოვანისიახლეები

,,გადავთვალე და 100 ათასი კაცის შეგროვება უნდათ,,-ოცნების კონტრაქციას ოპოზიცია პასუხობს

გადავთვალე და 100 ათასი კაცის შეგროვება უნდათ, სავარაუდოდ, ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი, – ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძე 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ეხმაურება.
„მარტვილის მაგალითზე გადავთვალე პროპორციულად სხვა მუნიციპალიტეტები, რამდენის შეგროვებას ცდილობენ. 97,000 გამოვიდა. ანუ, 100 კ-ს შეკრება უნდათ, სავარაუდოდ.
ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ჩვენ უნდა დავანახოთ მათ ჩვენი ძალა, 29 აპრილს აქვთ აქცია? შევიკრიბოთ კვირას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გივი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, მმართველ გუნდს სურს, აჩვენოს, თითქოს არსებობს ორი მხარე და თვითონ წესრიგს უზრუნველყოფს.
„29-ში დავსხდეთ და ვნახოთ, ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ დაიცლებიან გამგეობები, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები საბავშვო ბაღში ან სკოლებში მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ ალკოჰოლიკებს რაიონებიდან, როგორ მოაოხრებენ ქალაქს. ჩვენ ხომ ვნახეთ რამდენიმე წლის წინ ეს, მერე სამი დღეს ქალაქი სუფთავდებოდა. ხელისუფლებას ახლა უნდა, გადგეს განზე და თქვას, ხალხი ისეთიც არის, ასეთიც არის და მე წესრიგს უზრუნველვყოფ. არსებობს ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ეს კანონი არის რუსული მარკერი და ამას აპროტესტებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ, თორემ ამას „ქართული ოცნება“ არჩევნებზეც ნახავს“, – განაცხადა უგულავამ.

პარტიები “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეების მიმართ, რათა მათ თავისუფლად არ დააფიქსირონ სამოქალაქო პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ.
პარტიები მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს, დადგნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით.
იხილეთ განცხადება:
ჩვენ კარგად ვიცით პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეების მიმართ, რათა თქვენ თავისუფლად არ დააფიქსიროთ სამოქალაქო პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ. სისტემა ლპობის საბოლოო ფაზაშია და თქვენი ადგილი არა ამ რუსული სისტემის, არამედ საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების გვერდით, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზეა.
ჩვენ გვჯერა მოქნილი, მცირე, ეფექტიანი, მაღალპროფესიული და პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის. ჩვენ გვჯერა პროფესიონალი, კარიერული საჯარო მოხელეების და ვაფასებთ მათ წვლილს დამოუკიდებული საქართველოს დემოკრატიზაციასა და მოდერნიზაციაში.
ვდებთ პირობას, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ვიბრძოლებთ, რომ ბაღის აღმზრდელებს, სკოლის მასწავლებლებს, უბნის ინსპექტორებს, სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, სხვა საჯარო მოხელეებს, აღარასდროს მოუწიოთ მმართველი ძალის სასარგებლოდ საარჩევნო ხმების გამოძალვა. კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები აღარასდროს გახდნენ პროპაგანდის ინსტრუმენტი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში. აღარასდროს მოგიწიოთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ხელმძღვანელობის მითითებით, გააზიაროთ და დააკომენტაროთ მთავრობისთვის სასურველი შინაარსები სოციალურ ქსელებში.
საჯარო სამსახურში მიღებისა და კარიერული დაწინაურების პროცესი დაეფუძნოს კომპეტენციას, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას და არა მმართველი ძალის პოლიტიკურ ერთგულებას.
დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!

მოსწავლეების და სტუდენტების აქციას რომ ძალით მოყვანილი მასწავლებლების და საჯარო მოხელეების კონტრაქციას დაუპირისპირებ, ეე, იქაა დასასრული.
წერს “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია “ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.

“29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს…
წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია.”
წერს “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა მელია “ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, ვითომ ძლიერია, ღირსეულად უჭირავს თავი და მის გვერდით ხალხი დგას ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.
„მახსოვს, კონტრაქციას როგორც აკეთებდნენ ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე მმართველობის ბოლოს. კარგად მახსოვს, მათ როგორ დაამთავრეს. ახლა ხელისუფლების მხრიდან ხალხის ქუჩაში გამოყვანა იმავე შედეგს მოიტანს. ეს არის საზოგადოების გახლეჩისა და ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობა. სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი არასერიოზულია. „ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, ვითომ ძლიერია და ღირსეულად უჭირავს თავი, ვითომ მის გვერდით ხალხი დგას ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახენებთ, რომ “ოცნება” 29 აპრილს, პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button