გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ გააუქმებს მრჩევლების ვიზიტს ვაშინგტონში, თუ აშშ დღეს დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შემცველ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებს

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-მა შეცვალა საკუთარი პოზიცია, თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო.
“ზავი შეიძლება დაუყოვნებლივ ამოქმედდეს, როგორც კი მოხდება პირველი მძევლის გათავისუფლება. ამიტომ ჩვენ ჰამასზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მათ ეს გააკეთონ”, – თქვა აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა ტომას-გრინფილდმა.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა. დოკუმენტში ჩაწერილია მოწოდება, რომ ღაზის სექტორში ცეცხლი შეწყდეს მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის პერიოდში. რამადანის დასრულებამდე ორი კვირა რჩება.
ამასთან გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. ისრაელის მონაცემებით ომის დაწყებისას ჰამასმა მძევლად ისრაელის 253 მოქალაქე აიყვანა.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხოდ ღაზის სექტორში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნას შეიცავს. მანამდე აშშ ბლოკავდა ნებისმიერ დოკუმენტს, რომელშიც ტერმინი „ცეცხლის შეწყვეტა“ იყო ნახსენები.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ გააუქმებს მრჩევლების ვიზიტს ვაშინგტონში, თუ აშშ დღეს დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შემცველ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
კერძოდ, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, აშშ ვეტოს თუ არ დაადებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად მძევლების გათავისუფლება არ იქნება ჩაწერილი, მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ორი მრჩევლის ვიზიტი ვაშინგტონში გაუქმდება.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი ცახი ჰანეგბი და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი რონ დერმერი აშშ-ში ვიზიტს გეგმავენ, რათა გაეცნონ ამერიკული მხარის შეთავაზებას, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის სექტორში დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას. ეს ვიზიტი გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიჰუს შორის სატელეფონო საუბრის დროს დაიგეგმა. ნეთანიაჰუ ვიზიტის გაუქმებით მას შემდეგ დაიმუქრა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აშშ მხარს დაუჭერს გაერო-ს ორ რეზოლუციას, რომელთაგან ერთში ჩაწერილია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა, ხოლო მეორეში „ჰამასის“ მიმართ მოწოდება ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ.