გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება.
ბორელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაერო-ს სამართლებრივ ჩარჩოებს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი სისტემის არსს“, – დაწერა ბორელმა „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი იმუშავებს იმისთვის, რომ რუსეთმა უშიშროების საბჭოში საკუთარი ერთთვიანი თავმჯდომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავმჯდომარეობა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გუშინ დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდება. საბჭოში თავმჯდომარე როტაციული პრინციპით, თვეში ერთხელ იცვლება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა აბსურდულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ტერორისტ სახელმწიფოს მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა აჩვენებს, რომ გლობალური ინსტიტუტები გაკოტრებულ მდგომარეობაში არიან და მათი რეფორმირება აუცილებელია.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს აბსურდული და დესტრუქციული ამბავი. დღეს ტერორისტმა სახელმწიფომ დაიწყო თავმჯდომარეობა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. გუშინ რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა – ხუთი თვის ბიჭი. მას დანილო ერქვა. და ამასთან, რუსეთი არის გაერო-ში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. ეს სხვა არაფერია, თუ არა ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება. არ არსებობს ტერორის ის ფორმა, რომლისთვისაც რუსეთს ჯერ არ მიუმართავს. და არ იქნება მიზეზი, რომ შეჩერდეს გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმა, რომელიც მომწიფდა, რათა ტერორისტ სახელმწიფოს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელსაც სურს, იყოს ტერორისტი, არ შეეძლოს მსოფლიოს განადგურება“, – განაცხადა ზელენსკიმ.