გაერომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას რომელიც ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს
პარასკევს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 22 არაბული სახელმწიფოს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება “ჰამასს” შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
დოკუმენტს მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მისცა 14-მა ქვეყანამ, 45-მა, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა. დოკუმენტის მიღების შემდეგ დარბაზში ტაში გაისმა.
რეზოლუციის ტექსტი, რომელიც არაბული ქვეყნების სახელით იორდანიამ წარადგინა, მოითხოვს “დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ და მდგრად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს“.
დოკუმენტის თანახმად გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტომ უნდა შეძლოს პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად „სრული, მდგრადი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა.“
რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო პირების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ არიან ტყვეობაში, თუმცა გამტაცებლებად ჰამასი მოხსენიებული არაა.
შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაგმეს რეზოლუცია და ამტკიცებდნენ, რომ ის არ მოიცავს ჰამასის აშკარა კრიტიკას. რეზოლუციის ირგვლივ გამართული დებატების დროს ისრაელის ელჩმა გაეროში, გილად ერდანმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები იყო “არა მშვიდობის მცდელობა”, არამედ “ისრაელისთვის ხელების შეკვრის მცდელობა”.
ამავე დროს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარყო კანადის მიერ შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც გმობდა „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა ასევე მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას.
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა აღშფოთება გამოხატა იმის, გამო რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა და ამ თავდასხმის მსხვერპლი.
“რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ ისინი შეშფოთებულები არიან მშვიდობის მიღწევის საკითხით. ამავე დროს, ლაჩარი მკვლელები, რომლებმაც ეს ომი წამოიწყეს, რეზოლუციაშიც კი არ არიან ნახსენები”, – თქვა ერდანმა.
რეზოლუციის მხარდამჭერებს შორისაა: ჩინეთი, ირანი, სირია, საუდის არაბეთი, რუსეთი, ეგვიპტე, იორდანია, ლიბანი, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, ირლანდია, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი.
იმ 14 ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს არის: აშშ-ი, ისრაელი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, ტონგა, პარაგვაი, ნაურუ, მიკრონეზია.
ამასთან, თავი შეიკავა 45 ქვეყანამ, რომელთა შორის არის: ინდოეთი, კანადა, ავსტრალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია, შვედეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
შეგახსენებთ ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორზე საავიაციო დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 6000-ზე მეტი ადამიანი.
„ჰამასს“ მძევლად ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.
გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.