მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: შემზღუდავი კანონები შემაშფოთებელია

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით და რისკებზე საუბრობს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები.

“საქართველო: შეშფოთებული ვართ შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე კვირას მიიღო, რომლებიც ზრდიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობის და სამოქალაქო სივრცისთვის არსებულ რისკებს, და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. საქართველოს მოვუწოდებთ, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები”, – ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართულის ოცნების“ პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი რამდენიმე კანონი, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“.

კანონებს ამავე პარტიის არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იმავე დღეს მოაწერა ხელი.

2 აპრილს კანონები და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გააკრიტიკეს ევროკავშირისუმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა და განაცხადეს:

„აუცილებელია, შეწყდეს ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ, გათავისუფლდეს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პირი, შეჩერდეს რეპრესიული კანონები, გაიმართოს კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და დაიწყოს არსებითი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქვეყანა საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით შეშფოთებულია.

“ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით, მათ შორის უცხოური აგენტების კანონითა და ინიციატივებით, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საშუალებას იძლევა.

ეს ზღუდავს ქართულ დემოკრატიას, რადგან ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას, ანგრევს სამოქალაქო სივრცეს და პოლიტიკურ პლურალიზმს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. თქვენ ნახეთ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ გავრცელებული განცხადება და ჩვენ, ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, ამ განცხადებას მხარს სრულად ვუჭერთ. ჩვენ საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა პროევროპელია, ისინი ევროპული მომავლისკენ ისწაფვიან და გვინდა მხარი დავუჭიროთ მათ, რათა თავიანთი პოზიციის დაცვა გააგრძელონ“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button