მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს კახოვკის კაშხლის დანგრევის შესახებ

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე უკრაინის ინიციატივით იმსჯელეს უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ, ამის თაობაზე გაეროში უკრაინის ელჩმა სერჰი კისლიცამ დაწერა Twitter-ში. უკრაინა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, კრემლი კი ტრადიციულად ბრალდებებს უარყოფს.

უკრაინა ამტკიცებს, რომ კაშხალი განზრახ ააფეთქეს რუსმა სამხედროებმა, რომელთა კონტროლქვეშაც იყო ის. უკრაინის წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ საპასუხოდ თქვა, რომ რუსეთი “საკუთარი სიცრუის ტალახში იძირება” მისივე განცხადებით, მცირეა იმის შანსი, რომ ქვეყანამ, რომელმაც სასოწარკვეთილად უარყო მისი სამხედრო დანაშაულები მარიუპოლში, ბუჩაში, იზიუმში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, აღიაროს პასუხისმგებლობა დღევანდელ კატასტროფაზე.

“ეს არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მსხვერპლის მიყენება და მაქსიმალური განადგურების გამოწვევა.

გადამწვარი მიწის ტაქტიკის, ან ამ შემთხვევაში, დატბორილი დედამიწის ტაქტიკის გამოყენებით, რუსმა ოკუპანტებმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ ოკუპირებული ტერიტორია მათ არ ეკუთვნით და მათ არ შეუძლიათ დაიკავონ ეს მიწები”, – თქვა სერგეი კისლიცამ.

რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ “კიევის რეჟიმმა” ააფეთქა კაშხალი და ეს გააკეთა, ძალების გადაჯგუფებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ ელექტროსადგური რუსეთის ჯარებს ჰქონდათ დანაღმული და მათვე ააფეთქეს ის.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას უწოდა უკრაინის მიერ განხორციელებული დივერსიის შედეგი. პრორუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კაშხალი რამდენიმეთვიანი დაბომბვის გამო დაინგრა.

მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის ჯარებმა 6 ივნისს დილით ადრე ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ჯებირი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის გადასარჩენად – ჩართულია ყველა სამსახური, ჯარები, მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრებს ასევე აცნობეს, რომ სულ მცირე 150 ტონა მანქანის ზეთი ჩაიღვარა მდინარე დნეპრში, არსებობს 300 ტონაზე მეტის გაჟონვის რისკი.

ამ დროისთვის სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button