მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭოს აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო

პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო. 13-მა ქვეყანამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა.
როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა განმარტა, პროცესი შესაბამისი კონსულტაციების ნაკლებობას განიცდიდა და არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის რეკომენდაციებს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, რეზოლუცია არ გმობდა “ჰამასს.”

“არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც “ჰამასმა” ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს “ჰამასს” ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს,” – თქვა აშშ-ის წარმომადგენელმა.
რეზოლუციის პროექტი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარადგინა და “დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა” მოითხოვა, ასევე, “მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება” და “ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა”.

მოგვიანებით აშშ პალესტინის ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს – გაეროში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა პარასკევს “სამწუხარო დღე” უწოდა და თქვა, რომ “მათ, ვინც რეალობას ვერ ხედავენ”, მალე მოუწევთ საზოგადოების მხრიდან ზეწოლაზე რეაგირება.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყანამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რეზოლუცია არ გმობდა 7 ოქტომბერს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჰამასის მიერ ჩადენილ სისასტიკეებს.

“7 ოქტომბრის ძალადობის შემდეგ, ისრაელმა მიზნად დაისახა “ჰამასის” განადგურება, იმაში დარწმუნება, რომ ეს საშინელება აღარასდროს განმეორდება.” – ამის შესახებ ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გილად ერდანი აცხადებს.

“თუ “ჰამასი” არ განადგურდა, ასეთი საშინელება გარდაუვალია. “ჰამასის” წარმომადგენლებმა მკაფიოდ თქვეს, რომ 7 ოქტომბერი მხოლოდ რეპეტიცია იყო. ღაზაში არსებული სიტუაცია მხოლოდ “ჰამასის” დამსახურებაა, მათ მიმართ ამ ბოროტებაზე პასუხისმგებლობა კი ნულოვანია. რატომ არ აყენებს “ჰამასის” პასუხისმგებლობის საკითხს გაერო? უთხარით ღაზელებს სიმართლე. მათ თქვენგან უნდათ მოისმინონ.” – აცხადებს გილად ერდანი.

პალესტინის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რიად მანსური, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. განცხადება მან გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

“ეს ომი იმ თავდასხმის ნაწილია, რომელიც პალესტინელი ხალხისა და პალესტინური სახელმწიფოს საკითხსის დასრულებას ემსახურება. თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, ომის წინააღმდეგ უნდა გამოხვიდეთ. ეს არის ნეთანიაჰუს ომი. ეს არის ხელისუფლებაში მყოფი ექსტრემისტული კოალიციის ომი. მათი ამოცანა უსაფრთხოება სულაც არ არის. მათი ამოცანაა ხელი შეუშალონ პალესტინის დამოუკიდებლობასა და მშვიდობას. კაცობრიობის, სამართლისა და მშვიდობის სახელით მოგიწოდებთ – მხარი დაუჭიროთ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას,” – აცხადებს რიად მანსური.

მსგავსი პოსტები

Back to top button