გაეროში აშშ-ის რუსეთის მიმართ რბილი რეზოლუციის ერთადერთი მხარდამჭერი საქართველოს მთავრობაა

გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს – რომელიც რუსეთის მიმართ კრიტიკული არ არის – ერთადერთი მხარდამჭერი ჰყავს, საქართველოს მთავრობა, რომლის მოსკოვთან კავშირებიც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ბოლო პერიოდში გალღვა”.
ეს ინფორმაცია შეტანილია WSJ-ის ვრცელ სტატიაში, რომლითაც გამოცემა ეხმაურება კონფლიქტს ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინას შორის. გამოცემის თანახმად, ეს კონფლიქტი გამწვავდა შაბათს, 22 თებერვალს – მას შემდეგ, რა აშშ-მა ძალისხმევა მიმართა გაეროს იმ რეზოლუციის გაუქმებისკენ, რომელიც უკრაინამ ევროპის მხარდაჭერით შეადგინა, ომის დაწყების მესამე წლისთავის აღსანიშნავად. ამის ნაცვლად, აშშ-მა წარმოადგინა რეზოლუციის თავისი პროექტი.
“კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს ერთ მხარეს ათავსებს, უკრაინას და ევროპას მეორე მხარეს, რაც ევრო-ატლანტიკური დაძაბულობის ყველაზე დრამატული გამოვლინებაა წლების განმავლობაში” – აღნიშნავს WSJ.
გამოცემა წერს, რომ მისი ჟურნალისტები გაეცნენ წერილს, რომელიც აშშ-მა სხვადასხვა დედაქალაქში გაგზავნა. ამ წრილით ამერიკელი დიპლომატები ევროპელ კოლეგებს ატყობინებენ, რომ ვაშინგტონი შეეწინააღმდეგება უკრაინის რეზოლუციას და ევროპელებს მოუწოდებენ კიევი ტექსტის გაწვევაზე დაიყოლიონ.
გამოცემის ინფორმაციით, ორი ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ აშშ ბოლო დღეებამდე მუშაობდა ევროპასთან უკრაინის რეზოლუციაზე და გამოდიოდა მცირე შესწორებების შეტანის ინიციატივით. ვაშინგტონი ამ ტექსტს ენთუზიაზმით არ ეკიდებოდა, თუმცა არ ამბობდა, რომ მას შეეწინააღმდეგება.
დიპლომატები ამბობენ, რომ აშშ-მა პარასკევს უკრაინის წარმომადგენლებს რეზოლუციის უკან გაწვევა მოსთხოვა, რაზეც უკრაინამ უარი განაცხადა. პარალელურად, ბრიტანეთის და საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონს თხოვეს რეზოლუციის პროექტის შეცვლა – რაზეც, დიპლომატების ინფორმაციით, აშშ-მა უარი თქვა.
„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გაიტანოს რეზოლუციის პროექტი და, ნაცვლად ამისა, შემოუერთდეს ჩვენს რეზოლუციას, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას კონსენსუსის გზით და რომელიც ფოკუსირებულია ერთ მარტივ იდეაზე: ომის დასრულებაზე“, – აღნიშნულია ნოტაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ევროპულ დედაქალაქებს გაუგზავნა წერს WSJ-ი.
უკრაინის მიერ შემუშავებული, გრძელი რეზოლუციის პროექტი შეჭრაში რუსეთს ადანაშაულებს. აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი სამი აბზაცისგან შედგება, ტექსტში გამოთქმულია მოწოდება კონფლიქტის “სწრაფი დასრულებისკენ” და სინანული “სიცოცხლის დაკარგვაზე რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის კონფლიქტის მსვლელობისას”.
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გაეროში ინიცირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
მისი განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ ინიციირებულ ალტერნატიულ რეზოლუციას, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს საქართველოს სახით.
“გაეროში აშშ-მა რუსეთ-უკრაინის ომზე ალტერნატიული რეზოლუცია დააინიციირა, რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს და ეს ქვეყანა საქართველოა!!!”, – წერს ქადაგიძე.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინაში “სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გადაუდებელი აუცილებლობა”.
ანტონიო გუტერეშის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო შეთანხმებამ პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ორშაბათს სრულდება სამი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, რაც აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს.
ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გადაუდებელ აუცილებლობას, რომელიც სრულად დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაეროს გენდმივანი აცხადებს, რომ ომის პირველივე დღიდან გაერო სრულ სოლიდარობაშია უკრაინელი ხალხის მიმართ, უწევს სიცოცხლის გადარჩენისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მილიონობით გაჭირვებულს.
„უკრაინაში ომი სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არამედ გაეროს საფუძვლებსა და ძირითად პრინციპებს.
საკმარისია, საკმარისი. სამი წლის სიკვდილისა და ნგრევის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სასწრაფო დეესკალაციისკენ და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. მივესალმები ყველა ძალისხმევას სამართლიანი და ინკლუზიური მშვიდობის მისაღწევად. გაერო მზადაა მხარი დაუჭიროს ასეთ ძალისხმევებს“, – წერია განცხადებაში.