მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაეროში უკრაინის ელჩმა რუსეთს “ტერორისტული სახელმწიფო” უწოდა

გაეროში უკრაინის ელჩმა გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე რუსეთი დაგმო და მას “ტერორისტული სახელმწიფო” უწოდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც უკრაინის ქალაქებზე რუსეთმა სისხლიანი იერიშები მიიტანა.

“რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც მაქსიმალურად ძლიერად უნდა იყოს შეკავებული” – თქვა ელჩმა, სერჰი კისლიციამ.

გაეროში 10 ოქტომბრის სხდომა დანიშნული იყო იმ მიზნით, რომ ემსჯელათ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსირების საკითხზე. თუმცა, 10 ოქტომბრის დილით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, სხდომაზე წამყვანი თემა გახდა ამ იერიშების და უკრაინის ქალაქებისთვის რუსეთის მიერ 80-ზე მეტი რაკეტის დაშენის გადაწყვეტილების დაგმობა დასავლეთის მხრიდან. რუსეთის განცხადებით, თავდასხმები იყო პასუხი უკრაინის “ტერორისტულ” ქმედებებზე, მათ შორის იმ ხიდის აფეთქებაზე, რომელიც რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს აკავშირებს ერთმანეთთან.

უკრაინის ქალაქების, მათ შორის კიევის ინფრასტრუქტურაზე და ურბანულ საცხოვრებელ არეალებზე 10 ოქტომბერს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ემსხვერპლა სულ მცირე 11 ადამიანი, დაიჭრა 64 – იუწყება უკრაინა. თვეების განმავლობაში ეს იყო ყველაზე სასტიკი იერიში, რომელიც რუსეთის არმიამ განახორციელა.

გაეროს სხდომამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ იერიშებმა აჩვენა “სრული სისასტიკე” ომისა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პროვოცირების გარეშე დაიწყო.

“აშშ მძლავრად გმობს რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის მასშტაბით, კიევის ჩათვლით. ამ იერიშებმა გამოიწვია სამოქალაქო პირების სიკვდილი და დაჭრა, განადგურდა სამიზნეები, რომლებსაც არანაირი სამხედრო მიზანი არ ჰქონდა. ამან კიდევ ერთხელ გამოაჩინა უკრაინის ხალხისთვის ბატონი პუტინის მიერ გამოცხადებული ომის სრული სისასტიკე”, – ამბობს ბაიდენი განცხადებაში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თავდასხმებს უწოდა რუსეთის მხრიდან “ომის მიუღებელი ესკალაცია”.

193 წევრისგან შემდგარმა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 10 ოქტომბერს გადაწყვიტა ფარულის ნაცვლად, საჯარო კენჭისყრა გაიმართოს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც დაგმობს რუსეთის “უკანონო ე.წ. რეფერენდუმებს” რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში – ისევე, როგორც რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების “უკანონო ანექსირების მცდელობას”.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, რუსეთმა უნდა წააგოს.

“ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში. რუსეთმა უნდა წააგოს. კრემლმა ტრიბუნალი უნდა გაიაროს. პროპაგანდისტები, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმისკენ მოუწოდებდნენ, სასამართლო დარბაზში უნდა ისხდნენ. თუ ბოროტება დაუსჯელი დარჩება, უსამართლობა მთელ მსოფლიოში გამრავლდება,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.ამასთან გრძელდება ომი უკრაინაში, უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი „ტელეგრამში“ იუწყება.

“აფეთქებები მელიტოპოლის აეროდრომზე, სადაც ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ განალაგეს სამხედრო ბაზა. ოკუპანტებმა მაშინვე დაიწყეს წერა რაღაც “ვარჯიშებზე”, თუმცა მცხოვრებლებმა უკვე ისწავლეს “ვარჯიშების” ყრუ ხმების გარჩევა სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის ხმამაღალი აფეთქების ხმისგან“, – წერს ქალაქის მერი.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაციის მოპოვება მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button