მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი ჰერეთის ჟურნალისტს პასუხისგებით ემუქრება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაგოდეხის სერვისცენტრის თანამშრომელი, მარინე ნოზაძე, რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს დაემუქრა. მარინე ნოზაძემ ჟურნალისტს დაურეკა და უთხრა, რომ “მისი კომპანია პასუხს აგებინებს იმ განცხადებების გამო, რომელიც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობის დროს გააკეთა”.

თავდაპირველად მარინე ნოძაძე ჟურნალისტისგან ითხოვდა, რომ საკუთარ სახლში შეეშვა და წყლის ონკანიდან სინჯების აღების უფლება მიეცა, შემდეგ კი უთხრა, რომ მისი განცხადებების საფუძველზე, თბილისიდან სპეციალისტები უნდა ჩამოვიდნენ და სწორედ ისინი აგებინებენ პასუხს ლაგოდეხის წყალთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ერთ-ერთ ცენტრალურ სატელევიზო არხზე გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც განიხილავდნენ ლაგოდეხში წყლის ხარისხის თემას. გადაცემაში ნაჩვენები იყო წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ ლაგოდეხში გადაღებული ვიდეო, სადაც ტალახიანი წყალი და თაგვი ჩანს. მარინა ნოზაძის გაღიზიანება, როგორც თავადვე განაცხადა, სწორედ ამ კადრების ჩვენებამ გამოიწვია. სატელეფონო საუბრის დროს ის აღნიშნავდა, რომ 5-6 წლის წინ ლაგოდეხში დაბინძურებული წყალი ნამდვილად მოდიოდა და ახლა სხვაგვარი ვითარებაა.

მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ საკუთარი პრეტენზიები ვიდეოკამერასთან დაეფიქსირებინა, მან სატელეფონო კავშირი გაწყვიტა.

ლაგოდეხში სასმელი წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია ბოლო 5 წელია მიმდინარეობს, რისთვისაც 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგაც მოსახლეობა ამბობს, რომ ონკანებს მოყვება ზოგ შემთხვევაში თაგვი, ზოგჯერ კი დიდი ზომის ჭიებს ნახულობენ.

ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ 13 მილიონი ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა, წლის ხარისხი არ გაუმჯობესდა და ამ საკითხით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. წლის ხარისხით უკმაყოფილო მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

მოუსმინეთ მუქარის შემცველ აუდიომასალას ►

რადიო ჰერეთის მიერ მომზადებული მასალები ლაგოდეხის წყალზე

ლაგოდეხში სასმელი წყლის ონკანს თაგვი გამოყვა

მსგავსი პოსტები

Back to top button