”გაისად ბიუჯეტი იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი-ბოლო 11 წლის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა”-პრემიერი

ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი, აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო სამ წელიწადში მთელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 30 მილიარდი ლარით.
„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს. შეგახსენებთ, მაშინ, კარგად გახსოვთ, რომ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე და უმუშევრობაც ამდენივე. და არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა. დემოკრატიაზე, რა თქმა უნდა, ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ეკონომიკით რომ დავიწყოთ და პირველი თავი მიეძღვნება ეკონომიკას, ერთგვარი ანალიზი და შედარებითი ანალიზი მინდა, გავაკეთო. მაშინ არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი იყო აბსოლუტურად დე მოტივირებული. არავითარი პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არ არსებობდა, პირიქით, ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები, ქვეყანაში იყო დამყარებული რეალურად ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომგამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომგამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს და შედეგად დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული.
შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. დღეს, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა – 27 მილიარდი ლარიდან, 80 მილიარდ ლარამდე. ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი. აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი.
ბოლო 11 წელიწადში, ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელზეც მინდა ვისაუბრო დღეს თქვენთან ერთად. ასევე მინდა, გითხრათ, რომ მხოლოდ სამ წელიწადში, ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა 30 მილიარდი ლარით, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს უკვე 8100 დოლარს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. 2024 წელს 8500 დოლარს გადააჭარბებს. ბოლო ორი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წელსაც, მიუხედავად აი, ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში, მაშინ როცა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტით მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს შვიდი პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ინფლაციის სრული ასე ვთქვათ კონტროლი მოვახერხეთ. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის, ერთ პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა ინფლაცია, ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა. შარშან რაც გვქონდა, ერთერთი მთავარი გამოწვევა არის ფასები და ინფლაციის ზრდა. ეს რისკებიც, ეს საფრთხეც მთლიანად მოხსნილია. შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგი არის სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი, ასევე მინდა გითხრათ რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა.
„2012 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27% დაახლოებით. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად; წელს, მაგალითად, მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6% იყო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე რეკორდული, მილიონ 366 ათასს მიაღწია.
ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი.
ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 1.5-ჯერ – 245 ათასით. მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ასევე გაიზარდა. მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, 71%-ით არის გაზრდილი – 119 ათასიდან 205 ათასამდე გაიზარდა. ახლად რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა, შარშან, 2012 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა 40 ათასიდან 77 ათასამდე.
ბიზნესსექტორის ბრუნვის მონაცემები მინდა, გაგიზიაროთ, 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, 42 მილიარდი ლარიდან 181 მილიარდ ლარამდე.
ეს არის ბოლო 10-11 წლის მონაცემები, შედარება რომ გავაკეთოთ. ასევე, 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 3-ჯერ ბიზნესსექტორის გამოშვება, 23 მილიარდი ლარიდან 71 მილიარდ ლარამდე.
უკვე წელს, იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა, 143 მლრდ. ლარი შეადგინა ბიზნესსექტორის ბრუნვამ, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვებამ 54 მლრდ. ლარი“, – განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი პრემიერმინისტრის მიერ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარდგენას ეხმაურება, რომელიც დღესაა დაგეგმილი:
“დღეს, საქართველოს ხელისუფლებაში მსხდომი მსახიობები, რომლებიც პრემიერის და მინისტრების როლს ასრულებენ, მართავენ მორიგ სპექტაკლს, სახელწოდებით „2023 წლის ანგარიში“.
ბატონო მსახიობებო, ძალიან მალე მოგიწევთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების წინაშე არა როლის შესრულება, არამედ ყველა დანაშაულის აღიარება, რაც 2012 წლიდან გაქვთ ჩადენილი. ვეჭვობ, ამ უკანონოდ გამდიდრებული მსახიობების ხარჯზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გაორმაგდება.
აბა, კარგად იყავით!”