გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი

ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით სემეკი გადაწყვეტილებას ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა.

“პრაქტიკულად, კომისიის აპარატმა თითქმის დაასრულა მუშაობა ბუნებრივი გაზის ტარიფებზე, რაც წარმოდგენილი იყო 4 კომპანიის მიერ – ეს არის განაწილების 3 ლიცენზიანტი კომპანია “ყაზტრანსგაზი”, “საქორგაზი” და “სოკარ ჯორჯია გაზი” და ასევე ტრანსპორტირების ლიცენზიანტის -“გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ წარმიდგენლი სატარიფო განაცხადი. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დავნიშნავთ საჯარო სხდომებს”, – განაცხადა მილორავამ.

კითხვაზე – გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი, ირინა მილორავას განცხადებით, ყველას ექნება შესაძლებლობა დაესწროს სემეკის საჯარო სხდომებს. “არის კიდევ რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაწილში. ამდენად საჯარო სხდომებზე გვექნება უკვე სრულყოფილი, ამომწურავი, დასაბუთებული ინფორმაცია ყველა იმ კომპონენტზე, რომლის გათვალისწინებაც მოხდება ტარიფში”, – განაცხადა მილორავამ.

მისივე თქმით, ბუნებრივი გაზის ტარიფებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება იქნება ივნისის შუა რიცხვებში, თუმცა ამ ძალში შესვლის თარიღი სემეკის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button