გახარია: “მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ”
“მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელება”. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება და მომდევნო კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ხელისუფლება ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება. მინისტრის თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.
„შესაძლოა, იყოს ლიმიტი და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც“. – განმარტა მან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.
„სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია“. – აღნიშნა პაატა იმნაძემ.