გახარია: ნაციონალური მოძრაობა გუშინდელი დღეა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გამოეხმაურა.
“არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთოდ “ნაციონალური მოძრაობა” გუშინდელი დღეა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელზე, უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევებისა და დამხობების ქვეყანა კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის.
თავისუფლების პირველივე წუთებში ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო. დავასრულებ ან შევცვლიო – ასე კი არ უთქვამს, არამედ პირდაპირ თქვა, რომ დავამხობ ამ ხელისუფლებასო. შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მათ დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და არც აწი გამოუვათ.
ჩვენი მიზანია ხვალინდელი ძლიერი საქართველო, რომელიც შესაძლებლობების ქვეყანაა და არა გადატრიელებების,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.