გახარია შეცდომებს აღიარებს – მთავრობა “ლოკდაუნის” გეგმაზე მუშაობს?

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ე.წ “ლოკდაუნის” გეგმაზე მუშაობს. რომლის მიხედვითაც არსებული შეზღუდვები, კიდევ უფრო გამკაცრდება.
ჰერეთის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტსა და არჩევნების მეორე ტურს ელოდება, რომლის შემდეგაც ქვეყანა სავარაუდოდ აპრილის თვის მდგომარეობას დაუბრუნდება.
თუმცა, დღეს, 12 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერისა და ბიზნესის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ქართული ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჯანდაცვის სისტემის მომსახურება იმ ადამიანებს მოხმარდეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
„იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული სწორედ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, ლოკდაუნების რაოდენობა იზრდება, ისევე როგორც ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება, გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან.
მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციის და წერტოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით. ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ რის.
ამიტომ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურება და სერვისები ყველაზე მეტად მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდება: ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს. კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე, კოვიდსასტუმროებში, საავადმყოფოებში მართვა ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას. მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ ჩვენი იმ მოქალაქეების მიმართ, რომელთაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ 24-საათიანი მეთვალყურეობა.
ჩვენ გვეჭირა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, რამეთუ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ეკონომიკას უნდა შევუნარჩუნოთ”, – განაცხადა გახარიამ.
რომლის თქმითაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან ეკონომიკის სწრაფი და ეფექტური აღდგენა უნდა დაიწყოს, მაღალი შეფასება მისცა.
“პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას. მოგეხსენებათ, ამ ბოლო დღეებში გვქონდა ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ იმისთვის, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი და ეფექტური ტემპით დაიწყოს და გაგრძელდეს. ასევე, შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს 2021 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და გავაგრძელებთ, ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების, პირველ რიგში, როგორც ბიზნესის სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ დავიწყეთ მუშაობის ახალი ტალღა, მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული, როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის, ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.