მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.
რეზოლუცია, ასევე, მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებასა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას გულისხმობს.

გენერალური ასამბლეის მიერ 13 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციას, რომლის შესრულება სავალდებულო არ არის, მხარი დაუჭირა 153-მა ქვეყანამ. მომხრეებს შორის იყვნენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, შვეიცარია, იაპონია, კანადა, მექსიკა, ბრაზილია და ინდოეთი.

წინააღმდეგი იყო 10, მათ შორის თავად ისრაელი, აშშ და ავსტრია.

თავი შეიკავა 23-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინამ, ლიეტუვამ, გერმანიამ, იტალიამ, უნგრეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.
რეზოლუცია, სახელწოდებით „სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და სამართლებრივი და ჰუმანიტარული ვალდებულებების შესრულება“, მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვას, ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას.
მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის კენჭისყრა პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ის არასავალდებულოა, განსხვავებით უშიშროების საბჭოს რეზოლუციისგან. გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას უშიშროების საბჭოში, რომელიც დამტკიცებული იყო ძლიერი 15-კაციანი ორგანოს უმრავლესობით.

სამშაბათის მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ამბობს, რომ ყველა მხარემ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი, ასევე ითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

აშშ-ის მიერ მომზადებულმა შესწორებამ, რომელიც ეხებოდა ისრაელზე ტერორისტული მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის დაგმობას, საკმარისი ხმები ვერ მიიღო. ამავე მიზეზით, რეზოლუციაში ვერ შევიდა ავსტრიის მიერ მოთხოვნილი შესწორება, რომ მძევლები „ჰამასის“ და სხვა დაჯგუფებების ტყვეობაში იმყოფებიან. „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ ისრაელი, აშშ და ევროკავშირი.

ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა რეზოლუციას, რომელშიც „ჰამასი“ ნახსენები არ არის, თვალთმაქცური უწოდა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხელს აძლევს მხოლოდ ტერორისტებს და სასიკვდილო განაჩენი იქნება უამრავი ისრაელელისა და თავად ღაზის სექტორის მცხოვრებთათვის. ამ პოზიციას მხარი დაუჭირა გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილდმა. მისი შეფასებით, საუკეთესო შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ დროებითი იქნება, ხოლო უარეს შემთხვევაში – სახიფათო ისრაელელების და ასევე პალესტინელებისთვის, რომლებიც იმსახურებენ „ჰამასისგან“ გათავისუფლებას და უკეთეს მომავალს.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 17 000-ზე მეტი ადამიანი.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
„ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.

შეგახსენებთ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი მესამე თვეა მიმდინარეობს. ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ 18 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ორშაბათს ანკლავის “ჰამასის” მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ.

ისრაელმა განაცხადა, რომ არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას მანამ, სანამ არ გაანადგურებს “ჰამასს”. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელში 1 200 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 240 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. მათი ნაწილი რამდენიმედღიანი ზავის დროს გათავისუფლდა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით. ვარაუდობენ, რომ ღაზაში 100-ზე მეტი მძევალი რჩება ტყვეობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button