გახარიას მეორედ დაბარების შემდეგ წულუკიანის კომისიამ ამჯერად ხაზარაძეც მეორედ დაიბარა

„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ხელმოწერილი წერილი 17 ივნისით არის დათარიღებული.
მამუკა ხაზარაძეს სადავო პარლამენტში შექმნილ კომისიაზე 30 ივნისს ელიან.
„გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“, – წერია წერილში.
მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ არ აპირებს ამ კომისიაზე მისვლას:
„კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით. მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ!
ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!“- წერს ხაზარაძე.
პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
“პოლიტიკური დევნა გრძელდება, კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის და ჩვენი პოლიტიკური ძალის. მიზანი მგონი ნათელია, აქ არის ლაპარაკი ღიად გაცხადებულ სურვილზე, რომ ჩვენი პარტია აღარ არსებობდეს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ კონსოლიდირებულად, ერთად, ნაკლები კინკლაობით და დარტყმით ჩვენს მხარეს”, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
ხაზარაძე კომისიის სხდომაზე 30 ივნისს, 10:30 საათზე, „2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ ახსნა -განმარტების მისაცემადაა დაბარებული.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირველად, 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლით უკვე აღძრულია საქმე. მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული აქვს 50 000 ლარიანი გირაო, რაც მან გადაიხადა. საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი.
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას 2 აპრილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. საქმის განხილვა გრძელდება, მას ერთ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება.
მასავით კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც: მისი თანაპარტიელი (ბადრი ჯაფარიძე), „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები (ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე) და ასევე სხვები. ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურა ჯაფარიძის მსგავსად, ამ საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული ირაკლი ოქრუაშვილსაც – მათ გირაო არ გადაიხადეს. მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“) გირაო გადაიხადეს.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. თუმცა გუშინ, 16 ივნისს, ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე.
23 ივნისს პარლამენტში გამოკითხვაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს ხელმეორედ ელოდებიან