მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გახელაძის გათავისუფლებას ღარიბაშვილი მთავრობის და პატრიარქის ჩართულობას უკავშირებს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გავრცელდა.

“გათავისუფლდეს იგი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი სასჯელისაგან”, – ნათქვამია “განკარგულებაში”. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “განკარგულება” ძალაში შედის დღეიდან.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული მისი მთავრობის და პატრიარქის დამსახურებაა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გახელაძის გათავისუფლების პროცესში ჩართულები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი.

„მადლობა ზაზას, პირველ რიგში, ამ გმირ კაცს, ვაჟკაცს! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის და პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში; ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი! მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა პატრიარქს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის დედას, მამას, მეუღლეს და მის შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანამდე, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა.

“მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა. მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო”, – ეწერა წერლში.

გახელაძის ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button