გახუთმაგებული რეინფექციების ალბათობა

გახუთმაგებული რეინფექციების ალბათობა – ეპიდემიოლოგები 2-3 კვირაში დღეში ათეულობით ათას შემთხვევას პროგნოზირებენ
ორწლიანი პანდემიის განმავლობაში დღიური რეკორდი მოხსნილია და პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ეპიდემიოლოგები 2-3 კვირაში დღეში ათეულობით ათას ახლად დაინფიცირებულს პროგნოზირებენ.
ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, ვაქცინის ბუსტერდოზით აიცრან, რაც მათ კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისაგან დაიცავთ. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად რეკომენდაციები უცვლელია – პირბადე, სოციალური დისტანცია და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე ამბობს, რომ ომიკრონი სხვა შტამებისგან განსხვავდება იმით, რომ ამ შემთხვევაში გახუთმაგებულია რეინფექციების ალბათობა. ის მოსახლეობას ე.წ. ბუსტერ დოზით აცრისაკენ მოუწოდებს.
ეპიდემიოლოგების ხმა
“ომიკრონის” შტამის შემთხვევები დაფიქსირდა ვიეტნამშიც.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი ამერიკის მოქალაქეებს 22 ქვეყანაში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მცდარად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ “ომიკრონის” ვარიანტს მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის მსუბუქი ვარიანტია და მან ვირუსის საფრთხე აღმოფხვრა.
„ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას! „ომიკრონი“ იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება,“– აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში „ომიკრონ“ ვარიანტმა დაინფიცირების 18 მილიონი ახალი შემთხვევა გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მძიმე დაავადების პრევენციის კუთხით.
„ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს „ომიკრონით“ დაინფიცირებისა და გადაცემის პრევენციაში, წინა ვარიანტებთან შედარებით, მაგრამ მაინც გამორჩეულად კარგია მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით“, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.