მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გალში ხანძრისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია

ხანძრისგან დაზარალებული მოსახლეობა გალის დე ფაქტო მთავრობისგან დახმარებას ელის.

“მივმართეთ გალის ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით, გარდა ამისა, იგეგმება სპეციალური ანგარიშის გახსნა ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად”, – ამის შესახებ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ “გალ ტევესთან” განაცხადა.

მისი თქმით, შემოსული დახმარება, რომელსაც გალში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია განკარგავს, დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება.

ამავე ცნობით, ოკუპირებულ გალის რაიონში 4 იანვარს გაჩენილი ხანძრის გამო, ყველაზე დიდი ზარალი, ძმების, სოფელ ზემო ბარღების მცხოვრებ ზუხბაიების ოჯახებს მიადგა.

ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მათი სახლები. ზუხბაიების შვილი კი ონკოპაციენტია და მუდმივად მედიკამენტებს საჭიროებს.

კომისიის წარმომადგენლის სურამ ჯინჯოლიას თქმით, ოჯახს არანაირი სახსრები არ გააჩნია და ისინი უმოკლეს ვადაში საჭიროებენ დახმარებას.

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებულ გალში სტიქიის შედეგად 200 ოჯახზე მეტი დაზარალდა. აქედან,სამი სახლი დაიწვა სოფელ ზემო ბარღებში,2 კი დაზიანდა სოფელ სიდაში.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გაჩენილმა ხანძარმა 200 ჰექტარზე გაშენებული თხილნარი გაანადგურა. დაიწვა დამხმარე ნაგებობებიც.

სულ ხანძარი ოკუპირებულ გალის რაიონში 700 ჰექტარზე იყო გავრცელებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button