მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველო

გამარჯობა ევროპა EURONEWS GEORGIA-მ მაუწყებლობა დაიწყო

„ევრონიუს საქართველომ“ მაუწყებლობა დღეს საღამოს 7 საათზე დაიწყო. როგორც ახალი ამბების წამყვანმა განაცხადა, დღეიდან 24 საათის მანძილზე, მაყურებელი უწყვეტ ინფორმაციას მიიღებს.

ულტრათანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სტუდიიდან ევრონიუსის ახალი ამბები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით გაიხსნა, რომელიც არჩევნების დღის გამოცხადებას ეხებოდა, ამას მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ექსკლუზიური ინტერვიუ არჩევნებთან დაკავშირებით.

ჯანო ჟვანია და მაიკლ პიტერსი

როგორც “ევრონიუს საქართველოს” დირექტორმა ჯანო ჟვანიამ ჰერეთს უთხრა, ამ ეტაპზე 80-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და სამ ძირითად სატელევიზო სეგმენტს აწარმოებენ:

“გამარჯობა ევროპა”, “დღის ამბები” და “ამბები ამ საღამოს”.

საქართველოში ევრონიუსის ქართულენოვანი მაუწყებლობისთვის ყოველთვიურად 1 მილიონი ევრო დაიხარჯება, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის შეკითხვას „ევრონიუსის“ წარმომადგენლობამ უპასუხა, რომელსაც ქართულ მხარეს კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი წარმოადგენს.

რამიშვილი აცხადებს, რომ ახალი საინფორმაციო არხი – Euronews Georgia იქნება მაღალი მედიასტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი, რომლის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იქნება ევრონიუსის სტანდარტებთან.

როგორც გასული წლის სექტემბერში, მაიკლ პიტერსმა, „ევრონიუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჰერეთთან განაცხადა, ხანგრძლივი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და Euronews Georgia მაუწყებლობას 2020 წლის მაისში ან ყველაზე გვიან, ოქტომბერში დაიწყებდა.
მაიკლ პიტერსი

„ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ჩვენს პარტნიორ „სილქნეტს“, ახალი სატელევიზიო არხის შექმნაში, რომელიც გააშუქებს არამარტო საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ახალ ამბებს. ევრონიუს საქართველო იქნება დამოუკიდებელი არხი, რომელიც წარუდგენს მაყურებელს მიუკერძოებელ ინფორმაციას და გააშუქებს ყველა ხედვას, ევრონიუსის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და უზრუნველვყოფთ ყველანაირი სახის გარანტიას ამის აღსრულებისთვის“, – აცხადებდა პიტერსი.

Euronews-ი 1993 წლიდან მაუწყებლობს. მისი სათაო ოფისი საფრანგეთში, ლიონშია.სატელევიზო კომპანია 13 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, ინგლისური, ფრანგულ და სხვა. 2015 წლიდან Euronews-ის აქციების 53%-ს ფლობს კომპანია Media Globe Networks, რომლის დამფუძნებელიც ეგვიპტელი მილიარდერი ნაგიბ სავირისია.

Euronews-ი კონტინენტური ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად აწვდის ინფორმაციას თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button