გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში-დეგნანი
"12-ვე რეკომენდაცია 100%-ით რომც არ შესრულდეს, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ამოცანები"

ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი, გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90 პროცენტი ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადადის, ამომრჩეველმა იცოდეს, ეს როგორ მუშაობს.
“გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი. აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის, როგორ მუშაობს. მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი, ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს, მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ,” – აცხადებს კელი დეგნანი.
მისივე თქმით “12-ვე რეკომენდაცია 100%-ით რომც არ შესრულდეს, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ამოცანები”
კელი დეგნანის თქმით, ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი, მაგრამ ეს პროცესია, ის უნდა გაგრძელდეს და თუკი შეჩერდება იმის გამო, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა და კომპრომისებზე წასვლა არ სურთ, სწორედ ეს იქნება პრობლემა.
“ვიმედოვნებ, ამ რამდენიმე თვესა და კვირაში პოლიტიკური ლიდერები გვერდზე გაწევენ განსხვავებებს და მუყაითად იმუშავებენ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რადგან ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. კომპრომისი ძნელია და სწორედ ამიტომ არის საჭირო გამბედაობა, დიდი გამბედაობა. კიდევ გავიმეორებ – თუკი შენი მიზანია ემსახურო საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, ეს საჭიროებს კომპრომისს ყველასგან. მნიშვნელობა არ აქვს ამას “19 აპრილის შეთანხმებას” დაარქმევ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თუ 12 რეკომენდაციას. ეს ყველაფერი გულისხმობს ერთსა და იმავე რეფორმებს, რომლებზეც საქართველო მუშაობს წლების, ათწლეულების განმავლობაში და ბევრ სფეროში შთამბეჭდავ პროგრესსაც მიაღწია, იქნება ეს საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა თუ სხვა.
ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი, მაგრამ ეს პროცესია, ის უნდა გაგრძელდეს და თუკი ის შეჩერდება იმის გამო, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ სურთ, არ სურთ კომპრომისებზე წასვლა, სწორედ აქ ვხედავთ პრობლემას.12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, ვინაიდან, ცხადია, მუშაობა გაგრძელდება. კანდიდატის სტატუსი არის შემდეგი ქვაკუთხედი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის წევრებს დეკემბრამდე, სულ რაღაც თვეები აქვთ, რომ დაინახონ – არის თუ არა აქ მმართველობა ფოკუსირებული იმაზე, რის შესახებაც საქართველოს ხალხმა მკაფიოდ განაცხადა. ხალხს კი სურს ევროპული მომავალი,”- აცხადებს კელი დეგნანი.
სრულად ვიზიარებთ, რომ ამომრჩეველთა ინფორმირება, განათლება, ცნობიერების ამაღლება სასიცოცხოლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესისთვის და ამის დასტურია ცესკოს-ს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა აქტივობა, რომელსაც ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს და განახორციელებს სამომავლოდ, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, უკვე 15 000-ზე მეტი მოხალისეა გადამზადებული საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
„პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება და ფართო მასშტაბებს შეიძენს დარჩენილ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. პროცესს ზურგს უმაგრებს ცესკო-ს მიერ სხვადასხვა წლებში ჩატარებული შვიდი საპილოტე პროექტი და ის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენ ამ პროექტებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე მივიღეთ. ამასთანავე, საკანონმდელო მოცემულობა, რომელიც აზღვევს მთელ რიგ საკითხებს და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას, როგორიც არის გადათვლები, ქაღალდის კვალი ყველა პროცესთან მიმართებით. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზაობას აცხადებს, ამ მიმართულებით ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჰქონდეს წამყვანი როლი ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ ის გახლავთ ცენტრალური უწყება, ვინაიდან მას აქვს, როგორც ინტელექტუალური გამოცდილება ამ მიმართულებით, ასევე ის ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სწავლებები. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მივესალმებით ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელიც უწყებას ამ მიმართულებით ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც არჩევნებზეც არის საუბარი.
ამავდროულად, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ელჩის განცხადება გარკვეული ინტერპრეტაციების საგანი და საფუძველი გახდა.
„მინდა, მოვუწოდო ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ დავაზიანებთ ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ საარჩევნო პროცესს და ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი ჩართულობითა და მონაწილეობით უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული დონის არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.