მნიშვნელოვანისაქართველო

“გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება” – NDI

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საპირისპიროს მოქალაქეთა მხოლოდ 18 % ფიქრობს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 2010 წლის შემდეგ ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. როგორც NDI-ში აღნიშნავენ, ახალი მონაცემები წინა წლების მსგავსად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის 21 % ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს. მოქალაქეთა მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, ხოლო 43 % ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. მოსახლეობის ნახევარმა კი აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო ვერ მოახერხა კომუნალური გადასახადების დაფარვა. ეროვნულ დონეზე მოსახლეობის მხოლოდ 10 % ამბობს, რომ დანაზოგი აქვს.

NDI: ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა 78 %-ია, ხოლო ნატოს მიმართ 71 %

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერას გამოკითხული მოსახლეობის 78 % უჭერს მხარს. შეკითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, უარყოფით პასუხს გამოკითხულთა მხოლოდ 14% სცემს, 8 % – ის პასუხი კი არის „არ ვიცი“.
71 %-ს შეადგენს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა, გამოკითხულთა 17 %-სთვის მიუღებელია საქართველო გახდეს ნატოს წევრი, 11 % მოექცა კატეგორიაში „არ ვიცი“.

საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, 18-დან 39 წლამდე გამოკითხული მოსახლეობის 27% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო პროგრამაში. ამავე ასაკობრივი კატეგორიის 71 % კი აცხადებს, რომ ჩართული არ არის საპენსიო პროგრამაში. 40-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ – არა.

კითხვაზე, გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ შეძლებთ დაგროვილი თანხით სარგებლობას -საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 30%-ს სჯერა; 57%-ს არ სჯერა, ხოლო 13 %-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას კარგად რესპოდენტთა 4% აფასებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ თანასწორობას, გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს, 12% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს არავის აძლევს.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

გია ხუხაშვილის შეფასება

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა, მოსახლეობაში ნიჰილიზმის და სკეპტიკური განწყობების შემდეგ მეორე მთავარი პრობლემაა“.
როგორც მან აღნიშნა, კვლევების მიხედვით გამოჩნდა, რომ მოსახლეობა არსებული ვითარებიდან გამოსავალს ვერ ხედავს, რაც ასევე სამწუხაროა.

მსგავსი პოსტები

Back to top button