მნიშვნელოვანისიახლეები

მნიშვნელობა არ აქვს დენდროლოგიური პარკი ივანიშვილის შვილის სახელზე იქნება გაფორმებული თუ ცოლის “ტექნიკური საკითხია”

რისთვის ემზადება ბიძინა ივანიშვილი – საჯარო რეესტრის ჩანაწერები ადასტურებს, რომ მილიარდერი საკუთარი ქონებისგან თავისუფლდება. ჭორვილა, ბაკურიანი, შეკვეთილი – ქონება, რომელიც ცნობილი იყო როგორც პირადად ივანიშვილის საკუთრება, ახლა უკვე სხვების სახელზეა გადაფორმებული.

ერთ-ერთი პირველი ფაქტი დენდროლოგიური პარკის გადაფორმება აღმოჩნდა – ირკვევა, რომ ხალხზე ზრუნვით შეფუთული გრანდიოზული პროექტი, რომელიც ბერა ივანიშვილს ეკუთვნოდა, ახლა ეკატერინე ხვედელიძის, მილიარდერის მეუღლის საკუთრებაში გადავიდა. იგივე პროცესები მიმდინარეობს ჭორვილაშიც. რა არის ქონების მასშტაბური გადაფორმების მიზეზი, გაურკვეველია.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დენდროლოგიურ პარკს ბიძინა ივანიშვილის “მორიგ საქველმოქმედო პროექტს უწოდებს” და ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი პირობა ბოლომდე შეასრულა, რადგან დენდროლოგიური პარკის მონახულება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის შვილის სახელზე იქნება გაფორმებული თუ ცოლის. “ტექნიკური საკითხია”, – ამბობს ის და ოპოზიციას ამ თემით სპეკულაციაში ადანაშაულებს.

კობახიძე ირწმუნება, რომ ეს პარკი თავიდან ბოლომდე საზოგადოებას ემსახურება.

“ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე… გამოდიოდნენ ისეთები, რომლებსაც ცხოვრებაში საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია და რაღაცებს ლაპარაკობენ ბიძინა ივანიშვილის მორიგი საქველმოქმედო პროექტის შესახებ”, – თქვა მან.

ჟურნალისტის დამატებით კითხვას, მაინც რატომ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს ამ ქონების ჯერ ბერასთვის, შემდეგ კი ცოლისთვის გადაფორმება? – კობახიძემ ასე უპასუხა:

“ერთი, ესაა ტექნიკური საკითხი, მეორე, სასპეკულაციო არაფერია. რა მნიშვნელობა აქვს, შვილზე იქნება, მეუღლეზე თუ როგორ?.. 3 ათასი დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის? 300 დოლარი დაგიხარჯავთ? საკუთარი ქვეყნისთვის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი”.

რამდენიმეწლიანი მშენებლობის შემდეგ, გურიაში დენდროლოგიური პარკი 2020 წლის ივლისში გაიხსნა. ბაღი 60 ჰექტარზეა გაშენებული და ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.

დენდროლოგიურ პარკს შპს “ურეკი რეზიდენსი” ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წელს მისი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი იყო, 2017 წელს იგი მის შვილს, ბერა ივანიშვილს გადაეცა. ბოლო ცვლილებით, 2023 წლის 6 ივნისს შპს “ურეკი რეზიდენსი” ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს, გადაუფორმეს.

პარკის მშენებლობის დროს არაერთხელ გამართულა აქცია. მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ მრავალწლიანი ხეების გადარგვას. აცხადებდნენ, რომ ბუნებას ფასდაუდებელი ზიანი ადგებოდა და მის აღდგენას ათეული წლები დასჭირდებოდა.

დენდროლოგიური პარკი მიზიდულობის წერტილად იქცა და ახლა ამ იდეის გაუფასურება უნდათ, ესეც არის სწორედ იმის ნაწილი, რომ ადამიანებში საკითხების მიმართ არასწორი დამოკიდებულება შემოიტანონ. ის, რა მიზანსაც ემსახურება დენდროლოგიური პარკის შექმნა, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდო დენდროლოგიური პარკის შექმნაში და არა მხოლოდ, თავად ამ პარკის შექმნის იდეა, ნახეთ კიდევაც, რამდენად მიზიდულობის წერტილად იქცა, ამ იდეის გაუფასურება უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ყველა საქველმოქმედო პროექტი ჩვენს ქვეყანას ხმარდება.

მისი თქმით, დენდროლოგიური პარკი, მას შემდეგ, რაც ქონების გადაცემის ყველა პროცედურას გაივლის, ჩვენს ქვეყანას გადაეცემა.

„თავისთავად, ის პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ეს ხომ არ არის პირველი საქველმოქმედო ხასიათის პროექტი, საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანას ხმარდება. ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება. ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს, მათ შორის, ქონების გადაცემის საკითხს. ეს პარკი ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია. ის თავის დროზე გადაეცემა ისევ სახელმწიფოს, როგორც ეს თავიდანვე იყო გაცხადებული. მთავარია, რომ გაცხადებული მიზანი რაც არის, ამ დენდროლოგიური პარკის შექმნა, ზუსტად ამ მიზნის მიხედვით მოხდება ყველა ეტაპის გავლა. თქვენი რეპორტაჟებიდანაც გავიგეთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ პარკის ექსპონატებით შევსება. მნიშვნელოვანია, რომ 3 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება გასწია ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის სწორედ რაც, მე მგონი, თქვენც უნდა აღნიშნოთ, რომ ასეთი დიდი საქმე კეთდება მისი მხრიდან უამრავი. როდესაც ხდება მცდელობა მედიის მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, რომ საზოგადოებაში შეიტანონ ეჭვი, დაბნეულობა და კონსპირაციები შექმნან, ეს არის ამ კამპანიის ნაწილი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

დენდროპარკი არ გვაჩუქაო, დაირაზმა მთელი ნაცმოძრაობა. ესაა უთავმოყვარეობა პლუს უტიფრობს. ერთი მხრივ წლებია დასანქცირებას ითხოვენ, სიძულვილის და ზიზღის კორიანტელს აყენებენ, მეორე მხრივ ხან პრეტენზია აქვთ დენდროპარკი რატომ არ გვაჩუქეო, ხან საკონცერტო დარბაზი რატომ გვაჩუქეო? – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ მმართველ გუნდს პოლიტიკაში ვერ მოუგო და გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ებრძოლოს.

სალუქვაძე აღნიშნავს იმასაც, რომ უთავმოყვარეობაა, ადამიანის ლანძღვის და დასანქცირების მოთხოვნის პარალელურად, მისგან ფული მოითხოვო.

“დენდროპარკი არ გვაჩუქაო, დაირაზმა მთელი ნაცმოძრაობა. ესაა უთავმოყვარეობა პლუს უტიფრობს. ერთი მხრივ წლებია დასანქცირებას ითხოვენ, სიძულვილის და ზიზღის კორიანტელს აყენებენ, მეორე მხრივ ხან პრეტენზია აქვთ დენდროპარკი რატომ არ გვაჩუქეო, ხან საკონცერტო დარბაზი რატომ გვაჩუქეო? ციცინათელა როცა აჩუქა სახელმწიფოს სააკაშვილის დროს, გაუყიდეს და გამოსყიდვა და ხელახლა ჩუქება მოუწია. სკოლების რეაბილიტაციაზე მიცემული 80 მილიონი შეუჭამა სააკაშვილის მთავრობამ და ახლიდან მოუწია დაფინანსება, მერე რომ ტრაბახობდნენ, სკოლები გავარემონტეთო. პატრულის აღჭურვა და რეფორმა, ჯარის აღჭურვა და რეფორმა, სახელმწიფო მოხელეების ხელფასების დაფინანსება წლების მანძილზე, რის გარეშეც ვერაფერს გააკეთებდა სააკაშვილი, რითაც დღემდე ტრაბახობს და რა მოთვლის ყველაფერს?!

წლების წინ ითქვა, რომ ძვირია დენდროლოგიური პარკის შენახვა და ჩვენს თავზე ვიღებთ მის შენახვასო. ერთი ფლამინგოს შენახვა თვეში 1000 დოლარზე მეტი ჯდება. ან რატომ უნდა აჩუქოს სახელმწიფოს, მისი ქონებაა?! ყველაფერი ნაყიდი აქვს, რასაც იქ ხედავთ ორმაგ ფასად. პლუს სათითაო კვადრატულ სანტიმეტრს ელოლიავებიან წლებია. წლებია საქართველოს მთელი მოსახლეობა და ტურისტები, მათ შორის პოლიტიკური სისტემის წურბელები და სიძულვილის მთესველები, უფასოდ დადიან და ტკბებიან ამ პარკით.

ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში რომ დადიხართ ატრაქციონებზე, ვისი ქონებაა? პოლიტიკურად ვერ მოუგეთ, მოგწყვიტათ ძალაუფლებას, სახელმწიფო ხაზინას და აღარ იცით რა ქნათ. ოცნებასთან პოლიტიკური ბრძოლის შნო არ გაქვთ და ბიძინა ივანიშვილის ქველმოედებას ებრძვით. კეზერაშვილმა ტელევიზიის 25% ხომ აჩუქა ჟურნალისტებს?! იქნებ საქართველოს უნივერსიტეტი დაუბრუნოთ საქართველოს? უნდა გავაგრძელო “ქართუს” ქველმოქმედების გამოქვეყნება, თორემ შევწყვიტე შუა გზაზე და დარჩეს დაზუსტებული ციფრები სოციალურ ქსელს. მოკლედ, უთავმოყვარეობაა ადამიანს ლანძღავდე, ფინანსურ შეზღუდვას ითხოვდე და თან ფულს სთხოვდე,” – წერს ამირან სალუქვაძე.

დენდროლოგიური პარკი უნიკალურია წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რომელიც საკუთარ თავზე ისევ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა აიღო – თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი საჩუქარია და პარკი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ დაათვალიეროს, მისი მოვლა პატრონობა კი ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯია და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად არ აწევს.

მისივე თქმით, დესტრუქციულთათვის, არც გაკეთება უკითხავს არავის და არც ჩუქება/ გაჩუქებაა მათი საქმე. სპეკულაციებს სჯობს ჩავიდნენ ადგილზე და დატკბნენ ამ დიდი სიმდიდრით.

“შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს.

18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული.

კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება;
დარჩენილი 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასწოლოვანი მცენარეა წარმოდგენილი.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია.

მანამდე იყო ციცინათელების პარკი, მინიატურების პარკი, მუსიკოსების პარკი, ბლექ სი არენა, სასტუმრო პარაგრაფი და ახლა უკვე დენდროლოგიური პარკი – ეს ყველაფერი ერთად მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით კი გურიის რეგიონს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.

დიახ, დენდროლოგიური პარკი უნიკალურია წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რომელიც საკუთარ თავზე ისევ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა აიღო.

ამ უნიკალური პარკის შექმნიდან დღემდე, პარკი დამთვალიერებელთათვის უფასოა და ასე დარჩება.
ოპოზიციურ სპექტრში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ
– დენდროლოგიურ პარკს ბერა ივანიშვილი დედას ჩუქნისო.

დესტრუქციულნი, არც გაკეთება უკითხავს თქვენთვის არავის და არც ჩუქება/ გაჩუქებაა თქვენი საქმე.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი უნიკალურია და ამ სიკეთით სარგებლობა ყველას შეუძლია, მათ შორის თქვენც, ვინც ამ უნიკალური პარკის მშენებლობას თავგამოდებით აპროტესტებდით.
მიბრძანდით, დაათვალიერეთ, დატკბით და უხერხული სპეკულაციებისთვის ნაკლები დრო დაგრჩებათ.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში და ეს უნიკალური პროექტი ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი საჩუქარია, დიახ, საჩუქარია რადგან პარკი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ დაათვალიეროს, მისი მოვლა პატრონობა კი ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯია და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად არ აწევს.
მორჩით სპეკულაციებს და ამ დიდი სიმდიდრით, ჩაბრძანდით და ადგილზე დატკბით,” – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე

მსგავსი პოსტები

Back to top button