გამოცხადებული რეორგანიზაცია – დაიხურება თუ არა გადაცემა “რეალური სივრცე”

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ავრცელებს ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოსალოდენელია თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლბა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა გადაცემა რეალური სივრცე. რა ინფორმაციას ფლობს თავად ამ გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. ჩვენ მას რამდენიმე წუთის წინ ტელეფონით ვესაუბრეთ.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეორგანიზაციის დაწყებას და გადაცემების დახურვას არც ადასტურებს და არც უარყოფს მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე. თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, რომ დეტალები გეგმებთან დაკავშირებით ორშაბათს გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც არხის გენერალური დირექტორი სამოქმედო გეგმას წარადგენს. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისგან თავს იკავებს გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძეც.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, ამბობენ, რომ ტელევიზიაში პროცესები სრულიად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. საუბარია იმაზე, რომ დაგეგმილ ცვლილებებზე სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. საიას წარმომადგენელი, რომელიც ამავდროულად ბორდის წევრია აცხადებს, რომ გადაცემების დახურვა და თანამშრომელთა გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებებს გამოიწვევს. საბიუჯეტო ცვლილებები კი როგორც სულხან სალაძე ამბობს, მენეჯმენტის კომპეტენციას სცილდება და ის სამეურვეო საბჭოს გადასაწყვეტია. რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი კი აცხადებს, რომ მათ ინფორმაცია რამდენიმე გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით უკვე აქვთ.
“აგორებენ ათასგვარ ჭორებს და გარწმუნებთ, რომ ამ ჭორების გამავრცელებლები არ არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედით დაიტერესებულნი, _ ამბობს”გურია ნიუსთან” საუბრისას მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.
კითხვაზე _ იხურება თუ არა გადაცემა “რეალური სივრცე”, მაღლაფერიძე პასუხობს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის:
“მე არ ვიცი. რაიმეს დახურვა და არ დახურვა საერთოდ არ არის ჩემი კომპეტენცია. ჩემი კომპენტენცია ხედვის წარმოდგენაა, რომელსაც აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად წარმოვადგენ ორშაბათს”.