განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის ოცი პროცენტი-საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის კახოვკის ჰესის აფეთქება დაგმო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმაურება უკრაინის კახოვკის ჰესზე “საშინელ თავდასხმას”, გმობს მას და წერს, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.
„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ ომის მძიმე დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკის” კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქება ომის ერთ-ერთი შედეგია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. მისი თქმით, ომის დასრულების მცდელობებს ვერ ხედავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა უკრაინაში კახოვკის ჰესზე თავდასხმას. მისი თქმით, ბრუტალური და დამანგრეველი ომის შედეგად განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის ოცი პროცენტი.
“ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ეს ახალი არ არის. კახოვკას ჰესი კი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%. ქალაქები სოფლები მიწასთანაა გასწორებული. კახოვკას ჰესი ერთ-ერთია. სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი, როცა მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ და მგონია ვერავინ ვხედავთ რეალურ მცდელობას, რომ ეს ომი დასრულდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ეს რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს.
„დნიპროს რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის კატასტროფული შედეგით. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველა რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ. მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, ვისაც აქვს ეფექტური გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები, უფრო ენერგიულად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, “ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები”.
მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.
ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, დღეს დილით გაავრცელა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ. ჰესი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კახოვკის ჰესის დანგრევა უკრაინის შეიარაღებული ძალების წუხანდელმა შეტევამ გამოიწვია.
ჰესის ნგრევის შედეგად წყლის დონის მომატების და უკონტროლო დინებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ხერსონის ოლქის ორივე – რუსეთის მიერ ოკუპირებული და კიევის მიერ კონტროლირებული – ნაწილიდან. სახიფათო ზონა 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.