მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი უკრაინას ბოლო 12 დღის განმავლობაში პირველად დაესხა თავს ირანული დრონებით

რუსეთი უკრაინას ბოლო 12 დღის განმავლობაში პირველად დაესხა თავს ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით, – ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით, უკრაინელებმა მტრის გაშვებული 17 დრონიდან 13 ჩამოაგდეს დანარჩენი აპარატები კი, სამიზნეებს ვერ მისწვდა.
“გუშინ ღამით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტების გაშვებული 17 Shahed-ის დრონიდან 13 ჩამოაგდეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ირანული Shahed 136/131 უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაიწყეს”, – უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალები სუმის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

“სუმის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული ძალები ქალაქს კამიკაძე დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

11:06 საათზე, უკრაინამ საჰაერო განგაში გამოაცხადა სუმის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. მშვიდობიანი მოქალაქეები გააფრთხილეს რუსი ოკუპანტების მხრიდან შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით”, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განხორციელდა. დრონებით თავდასხმის გამო, განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ოლქებში და ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს რეგიონზეც, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაჭრილია 86 წლის ქალი. დაზიანებულია ცხრა კერძო სახლი, ავტომობილები, ელექტროგადამცემი ხაზი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი KA-52 ჩამოაგდეს, რომელიც “ალიგატორის” სახელითაა ცნობილი.
“ძვირად ღირებული თავდასხმის ვერტმფრენი Ka-52, რომელიც ცნობილია როგორც “ალიგატორი“” 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო მსროლელებმა გაანადგურეს” – წერია განცხადებაში

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, უახლოეს კვირებში უკრაინა გერმანიისა და დანიისგან ათობით Leopard 1-ის ტიპის ტანკს მიიღებს.
მისივე განმარტებით, ამა წლის მაისში გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიიღო.
„უახლოეს მომავალში უკრაინა ათობით საბრძოლო ტანკს მიიღებს. ამ ქვეყნისთვის 2,7 მლრდ. ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი მივიღეთ, რომელიც შეიარაღებაში მის მოთხოვნილებას ითვალისწინებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები IRIS-T SLM“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button