“განჩინება დავწერე და მთელი კვირა ვიზეიმებთ”
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა. პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა:
“უფალი ხედავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, საქართველო როგორ გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, რომ ამ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო.
“ჩვენ ვმადლობთ უფალს დიდი წყალობისათვის, ვმადლობთ ყველაფრისათვის, – განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა და ყველაფრისათვის. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი. ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს. ეს არის უდიდესი სასწაული და წყალობა. ჩვენ დღეს სამადლობელო პარაკლისს აღვავლენთ და მადლობას შევწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ჩემ მიერ დაწერილია განჩინება, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვდომილობის. მთელი კვირა ქართველი ერი იზეიმებს ამ დიდ დღესასწაულს. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“.
12 მაისი საქართველოს პარლამენტმა შარშან უქმე დღედ გამოაცხადა. „შრომის კოდექსში“ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად, ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც გამოცხადდა.