განიხილება თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება-ლორთქიფანიძე

საქართველოში პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. მისი თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს უკვე ეძებენ.
სასწავლო დაწესებულება სრულად რუსული მხარის მიერ დაკომპლექტდება და მისი დაფინანსებასაც ოკუპანტი ქვეყანა იღებს საკუთარ თავზე.
“ამჟამად კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება – დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ.
რუსეთის ბევრ მოქალაქეში ვამჩნევ დიდ სურვილს, გადაიტანონ ბიზნესი საქართველოში, თავის მხრივ, ქართველებს შორის ბევრი ადამიანია, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის წამოწყება რუსეთში. აუცილებელია, რუსეთთან განვიხილოთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური პრობლემების საკითხი. დაიწყოს დიპლომატიური-პოლიტიკური დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ საიმედო საფუძველი, ასე, რომ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას მალე მოუწევს რუსულ მხარესთან საუბარი”, – თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძე ყვება, რომ 4 ივლისს სანქტ-პეტერბურგში ქართულ-რუსული ფორუმი “დიალოგი-2023” გაიმართა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები, ქართველი და რუსი ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბიზნეს საკითხებთან ერთად განიხილეს პირდაპირი ფრენები პეტერბურგსა და თბილისს შორის, რაც ლორთქიფანიძის თქმით “მალე მოგვარდება”.
“საქართველო შემობრუნების მომენტშია, უახლოეს მომავალში მოგვიწევს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების საბოლოოდ გადაჭრა. გეოგრაფიული პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია და უნდა გახდეს სასარგებლო მრავალი სახელმწიფოსთვის. სირცხვილი იქნება, თუ ასეთი ქვეყანა აღმოჩნდება მიბმული ექსკლუზიურად ევროატლანტიკურ სივრცეზე, რადგან ჩვენ ვართ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე და შეგვიძლია ბევრად მეტი სარგებლის მოტანა. ამისათვის ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავაუმჯობესოთ კეთილმეზობლობის მიმდინარე პოლიტიკა”, – ამბობს ლორთქიფანიძე.
ამავე ინტერვიუში ის ამტკიცებს, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთთან საქმიანი კავშირების შენარჩუნებას, ხოლო საქართველოს კრემლთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, რადგან “გლობალურ დასავლეთს ეს არ სურს”.
ოკუპანტის ინტერესებში შემავალი არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ ქვეყანაში – რუსული უნივერსიტეტი არ გაიხსნება, მაგრამ თქვენ რუსულს შეიძლება უწოდებთ ქართულს, ამერიკულ კანონს რუსული უწოდეთ, იქნებ ასე უწოდებთ კიდევ რაღაცას? – ასე პასუხობს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვას, შეიძლება თუ არა ცალსახად ითქვას, რომ ქართულ – რუსული უნივერსიტეტი, რაზეც პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს, საქართველოში არ გაიხსნება.
მდინარაძის თქმით, ასეთი რამ “არ იქნება”.
“წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობთ, ვიღაც, ვისაც ამის კომპეტენცია არ გააჩნია, რაღაცას იტყვის, შემდეგ ამას იყენებთ და სვამთ შეკითხვებს ვარაუდებზე, რომელიც ან იქნება ან არა და არ იქნება, როგორ შეიძლება ასეთი თემა დღის წესრიგში დადგეს?! მე ამაზე სერიოზულად უნდა გიპასუხოთ, თქვენ და თქვენი კოლეგები 2 წუთში 4 შეკითხვას სვამთ ნახევარწუთიანებს თითოს და თითო ნახევარ წუთში სიტყვა რუსულს ახსენებთ 7-8- ჯერ, დაანებეთ თავი ამას, ამ ყალბ ვითომ რუსულ ნარატივზე ამ ქვეყნის გადაყვანას, ამ ქვეყნის გარუსებას დაანებეთ თავი, კითხვა დამისვით, მაგრამ არა ასეთი სპეკულაციით, „რუსული ექსპანსია“, „რუსული უნივერსიტეტი“, რუსული, რუსული…
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ (რომ არ გაიხსნება რუსული უნივერსიტეტი)მაგრამ თქვენ რუსულს შეიძლება უწოდებთ ქართულს და წინასწარ როგორ გითხრათ? კანონს, რომელიც იყო ამერიკული უწოდეთ რუსული და იქნებ ასე უწოდებთ კიდევ რაღაცას რუსულს, იქნებ იტყუებით, ვერ გენდობით და როცა არ ვიცი რაზეა ლაპარაკი, პასუხი არ უნდა გაგცეთ.
მოდი ამოვწუროთ – ოკუპანტის ინტერესებში შემავალი არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ ქვეყანაში. დანარჩენი ყველაფერი არის თქვენს მიერ დაორგანიზებული ფეიკ რუსული კამპანია. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ოკუპანტის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება“, – განაცხადა მდინარაძემ.
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსულ ექსპანსიას “არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს.” მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ თემაზე საუბრის მიზანი პანიკის დათესვაა.
წილოსანის მტკიცებით, მმართველ გუნდს დეკლარირებული აქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. წილოსანი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც მარტში “რუსულ კანონს” დაუჭირა მხარი.
“თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ. არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში, ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში,” – ამბობს წილოსანი.
საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო იმ პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელიც 2023 წლის 20 მაისს განხორციელდა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის განკარგულებას.