განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაასამართლებს

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაასამართლებს.
მსაჯულების შერჩევა, თელავის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს დაიწყება.
ნაფიცი მსაჯულების არჩევის გადაწყვეტილება, ზვიადაურმა და მისმა ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადეს.
საქმის განხილვისათვის 12 ნაფიცი მსაჯული უნდა შეირჩეს, რომლებიც ყოფილ დეპუტატს საბოლოო ვერდიქტს გამოუტანენ.
ზურაბ ზვიადაური 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან 29 ნოემბერს განთავისუფლეს.
5 ათას ლარიანი გირაოთია განთავისუფლებული, ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად დაკავებული, ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელსაც გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.
სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც განზრახ მკვლელობის ფაქტზეა დაწყებული, ბრალდებულ ზვიადაურის ჩვენების თანახმად, ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა.
იგივეს ამტკიცებდნენ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატებიც.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საქმეში არ დევს არცერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ზვიადაურის ვერსიის საპირისპირო იქნებოდა.
ჯერჯერობით, გამოძიებას არ აქვს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლებიც დანიშნული იყო.
მკვლელობის საქმიდან ცალკეა გამოყოფილი ჯაბა ჯანგირაშვილის საქმეც.
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე ადასტურებს, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეებიდან არცერთის ჩვენება ბრალდებულის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
” კენჭოშვილმა ესროლა ცოცხლაშვილს, რომელსაც ათამდე ტყვია აქვს მოხვედრილი, შემდეგ ესროლა ზვიად ზვიადაურს და გულ- მკერდის არეში სროლა დაუპირა ზურაბ ზვიადაურს.ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და არცერთი მოწმის ჩვენება, არ არის წინააღმდეგობაში ზვიადაურის ჩვნებასთან. მოწმეები ჩვენც გამოვკითხეთ და ყველა იმავე ჩვენებას იძლეოდა. რაღაში უნდა დაგვჭირვებოდა გავლენა მოწმეებზე, რომლებიც ფაქტიურად, ჩვენს სასარგებლო ჩვენებას იძლევიან? ჯანგირაშვილის საქმე, საერთოდ სამართლებრივი აბსურდია, რადგან მისი იარაღით არავინ დაზიანებულა და არანაირი შედეგი არ დამდგარა._ განაცხადა კოტრიკაძემ.
ზვიადაურის საქმეზე, ბრალდებამ ვადა ორჯერ გააგრძელდა, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატი განმარტავდა, რომ გამოძიებას დამატებით მტკიცებულებები არ მოუპოვებია.
მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი.
გარდაცვლილებს შორის, ერთ- ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.
რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში ხათუნა გულიაშვილის ხმა