
გაგრაში “კომენდანტის საათი” დაწესდა. განკარგულებას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მოაწერა. ინფორმაციას „სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.
მისივე ცნობით, კომენდანტის საათი იმოქმედებს 20:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, ქუჩაში და საცხოვრებლის გარეთ ყოფნა იკრძალება.
გუშინ, 7 აპრილს, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდინფექცია დაუდასტურდა 29 მარტს მოსკოვიდან დაბრუნებულ პირს. მისი ჰოსპიტალიზაცია 6 მარტს გუდაუთის საავადმყოფოში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 208 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.