კრიმინალიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დირექტორატის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე თორნიკე გოგუაძისთვის სასჯელის (დაუსწრებლად) მისასჯელად. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სასამართლომ გოგუაძეს (დაუსწრებლად) 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, გოგუაძე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალოვანი სტრუქტურებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.

“გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე უკრაინის ტერიტორიაზე ჩავიდა და დაქირავებულ მებრძოლედ შეუერთდა პარამილიტარულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო წვრთნა და შემდეგ მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უშიშროების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობისთვის გოგუაძემ ყოველთვიური ფულადი ჯილდო მიიღო”, – ამტკიცებს კომიტეტი.

მათი თქმით, გოგუაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button