,,გარკვეული პერიოდი ციხეში ყოფნა მომიწევს, ეს კი სამშობლოს და პრინციპების ერთგულებაა-„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის საქმის განხილვა 16 ივნისს 10:00 საათზე გადაიდო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმის განხილვა 16 ივნისს, 10:00 საათზე გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. კერძოდ კი, ვაშაძის სასამართლო პროცესის პარალელურად საბა სხვიტარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, რა დროსაც, დერეფანში ხმაური იყო, აღნიშნულის გამო, სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. დარბაზიდან გასულ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უკან შესვლის შესაძლებლობა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს და ის ფიზიკური შეხების შედეგად დააბრუნეს დერეფანში. აღნიშნულს დარბაზში ხმაური და ჟურნალისტების უკმაყოფილება მოჰყვა.
გიორგი ვაშაძის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, „რაც მოხდა, მას მერე, მორალური თვალსაზრისით ფიზიკურად ვერ ისაუბრებდა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი იყო და ვერც სხდომაზე დარჩებოდა“.
„სულ არ გაინტერესებდათ, იქ რა მოხდა, გაინტერესებდათ დარბაზში მყოფების აღშფოთება ჩაგეწყნარებინათ. ძალადობა დაინახეთ თუ ვერა?” – მიმართა მოსამართლეს ბასილაიამ.
აღნიშნულზე ნინო გალუსტაშვილმა მას მოუწოდა, დაესრულებინა საუბარი.
„დაასრულეთ ბატონო ბექა, სასამართლომ შესაძლებლობა მისცა [ჟურნალისტს] სხდომას დასწრებოდა“, – განაცხადა მოსამართლემ.
აღნიშნულის შემდეგ ბექა ბასილაიამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ პროცესის გადადების საფუძველი არ არის, რაზეც ვაშაძემ განაცხადა, რომ ის ადვოკატის გარეშე სხდომაზე ვერ დარჩებოდა, რის გამოც მას პროცესი უნდა დაეტოვებინა.
მოსამართლემ სხდომა გადადო, ბრალდების მხარეს კი უთხრა, რომ შემდეგ სხდომაზე დასკვნითი სიტყვაც მოემზადებინა.
ყველაფერი ფორმალობაა – გადაწყვეტილებები წინასწარ გამოტანილია! დღევანდელი რეჟიმის პირობებში ადგილი აქვს ძალადობასა და უკანონობას, – ეს განცხადება სასამართლოში მისულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა, რომელიც იმ პოლიტიკოსთა შორისაა, ვისაც ბრალი პარლამენტის დროებით კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წაუყენეს.
ვაშაძე ელის, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს და სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დაადასტურებს.
მისი თქმით, პატიმრობა არ აშინებს და ეს კარგად აქვს გააზრებული.
ვაშაძემ დღეს აღნიშნა ისიც, რომ „ხვალ და ზეგ სამართლიანობის აღდგენას შეძლებენ“.
„ყველაფრისთვის მზად ვართ. არ ვაპირებთ არა თუ უკან დახევას, არამედ ვაპირებთ ხალხთან ერთად გამარჯვებას, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ძლიერი ძლიერთა შორის.
დიდი ალბათობით გარკვეული პერიოდი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მომიწევს, მაგრამ როცა სამშობლოს და შენი პრინციპების ერთგულებაა, რა თქმა უნდა, ეს უკან ვერ დაგახევინებს“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.