მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა-რუსეთმა უკრაინაში 237 680 ჯარისკაცი დაკარგა

რუსული ძალები ძირითადად ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით კონცენტრირდებიან, სადაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის ორი დრონით, Х-22 ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტითა და ორი საზენიტო მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი გაანადგურეს.

„ოკუპანტებმა, ასევე, განახორციელეს 40 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 46-ჯერ გახსნეს. უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის პოზიციებს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის უბნებს და 7 სადაზვერვო დრონი გაანადგურა.

ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 5 საარტილერიო იარაღი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 4 ტერიტორია, საჰაერო თავდაცვის 2 სისტემა და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 237 680 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 16 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა კიდევ 500 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 5 რუსული ტანკი და 18 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 237 680
​ტანკი – 4 107
ჯავშანტექნიკა – 8 026
საარტილერიო სისტემა – 4 481
სარაკეტო სისტემა – 681
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 425
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 310
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 820
საკრუიზო რაკეტები – 1 273
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 044
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 666

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button