მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასული კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე სულ მცირე 400-ჯერ დაბომბეს

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე სულ მცირე 400-ჯერ დაბომბეს.

“გასული კვირის განმავლობაში 400-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა [ზაპორიჟიეს რეგიონზე] და მათგან ნახევარზე მეტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული… თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა” – ამბობს სტარუხი

27 ნოემბერს, რუსებმა ზაპოროჟიეს გარეუბანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმო S-300 რაკეტებით დაბომბეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, ანდრიივკას, ნოვობახმუტივკას, ოპიტნეს, ვოდიანეს, პერვომაისკეს, ნეველსკესა და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, მტერმა 4 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ზაპოროჟიეს რეგიონის სამოქალაქო ობიექტებზე. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება.

გენშტაბის თქმით, მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

გარდა ამისა კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული ჯარების გაყვანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან “შეუძლებელია”.

“არ არის საჭირო რაიმე ნიშნების ძიება [რუსული ჯარების ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გაყვანასთან დაკავშირებით] ისინი არ არსებობს და ვერც იარსებებს”, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი “მიესალმება ვატიკანის ნებას” გახდეს შუამავალი ომში, მაგრამ მისი თქმით, უკრაინისთვის ასეთი პლატფორმა, სავარაუდოდ, არ იქნება მოთხოვნადი.

“ენერგოატომის” ხელმძღვანელის, პეტრ კოტინის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლისთვის ემზადებიან.

რომის პაპმა, ფრანცისკემ თქვა, რომ ვატიკანი მზად არის ყველაფერი გააკეთოს შუამავლობისთვის და დაასრულოს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 24 თებერვლიდან კიევში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

“უკრაინის დედაქალაქში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კიევში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. დაზიანდა ან განადგურდა 678 ობიექტი”, – თქვა კიევის მერმა.

კლიჩკოს თქმით, აქედან, კერძოდ, 350-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსია, 77 საგანმანათლებლო დაწესებულება, 80 საბინაო-კომუნალური მომსახურების ობიექტი, 25 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი, 26 ჯანდაცვის ობიექტი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button