გაჭედილი სანიაღვრე არხები და დაბინძურებული ქუჩა ლაგოდეხში

რადიო ჰერეთს ლაგოდეხელებმა დასახმარებლად ცხელ ხაზზე მიმართეს. მათი გასაჭირი გაუმართავი სანიაღვრე სისტემა და დაბინძურებული ქუჩაა.
როგორც რადიო ჰერეთმა ადგილზე ნახა, ლაგოდეხის №3 საჯარო სკოლის შემოგარენი მოსახლეობის მიერ გადაყრილი
საყოფაცხოვრებო ნაგვითაა დაფარული. ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ექსპლოატაციაში შესული სანიაღვრე არხები განადგურების პირასაა მისული.
მოსახლეობის თქმით, მაშინ, როცა არხები შეიცვალა და გარემონტდა, – არ შეცვლილა არხზე გადასასვლელი მცირე ზომის ხიდები. ძველი ხიდები ვერ ატარებს ნიაღვარს და ასფალტზე გადმოდის. ხალხი შიშობს, რომ დაბინძურებული ნიაღვრის გზაზე გადმოსვლის გამო შესაძლოა დაავადებები გავრცელდეს.
ლაგოდეხელები საკუთარი ძალით ცდილობენ პრობლემა მოაგვარონ, მაგრამ შიშველი ხელებით გამკლავება უჭირთ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. 1 კვირაში მესამე საჯარო სკოლაში სწავლა განახლდება. სანიაღვრე სისტემის პრობლემა კი ამ დრომდე გადაუჭრელია. სანიაღვრე არხების მოწყობაზე გასულ წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა ათასობით ლარი დახარჯა.
სანიაღვრე არხის მდგომარეობა წვიმის დროს