მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად თელაველი მოსწავლეები ფესტივალზე წაიყვანეს

ჩავარდნილი ვაქცინაციის და გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, თელავიდან 95 მოსწავლე მშობლებთან ერთად, მუსიკალურ ფესტივალზე წაიყვანეს.

ფესტივალი ბათუმში ტარდება და ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსწავლეები მიიღებენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მსგავსი თავყრილობები აკრძალული და საფრთხის შემცველია.

” ზოგადად, მასობრივი თავშეყრები ისევ აკრძალულია. ყოველდღიურად მოგვდის ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ მოუხშირა ასეთ შეკრებებს, იხდიან დიდ სუფრებს და არ ერიდებიან თავყრილობებს.

ყოველთვის ვიძლევით რეკომენდაციას, რომ თუ წასვლა უნდათ, მოერიდონ ჯგუფურ მსვლელობებს. ვიცით, რომ რეგულაციებს ასეთ ღონისძიებებზე დიდად არ იცავენ. გიდასტურებთ, რომ ეპიდსიტუაციაც უარესობისკენ შეიცვალა და ვაქცინაციაც არ მიდის სათანადოდ.აქედან გამომდინარე, დავსახეთ მთელი რიგი ღონისძიებები და გვაქვს წინადადებები, რომლებსაც დავაყენებთ, როგორც აცრების ასე ეპიდვითარების კონტროლისათვის.

განსაკუთრებით აქტიური მუშაობა გვჭირდება, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამირან გამყრელიძეს აქვს წინადადება, რომ მასობრივ ღონისძიებებზე, მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირები დაუშვან. ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც ამ ყველაფრის განხილვა მოხდება”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ვაქცინაცია კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, თუმცა აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი, ძალიან დაბალია.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი, ხათუნა ჭონიაშვილი განმარტავს, რომ დღეში 50- 60 მოქალაქე იცრება.

” ვინც რეგისტრირებულია მოდის, მაგრამ საქმეც ეგაა, რამდენია რეგისტრირებული. თითქოს მოსახლეობას სხვა ვაქცინების მოლოდინი აქვს, მაგრამ ასობაში დრო იკარგება და ადამიანები ავადდებიან. თუ მძიმე შემთხვევები, აქამდე, მაგალითად, ყოველ 40 ადამიანში გვხვდებოდა ახლა უკვე ყოველ 20 პაციენტში გვხვდება. აცრა აუცილებელია, ეს უნდა გაიგოს ყველამ”- განაცხადა ჭონიაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, 9 ათასამდე მოქალაქეა აცრილი.

ბოლო 24 საათში, რეგიონში ინფიცირების 108 შემთხვევა გამოვლინდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე მკურნალობას 834 მოქალაქე გადის.

სექტემბრიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 16219- ს აღწევს.აქედან, ყველაზე მეტი, 3592 გურჯაანში ფიქსირდება.

სულ რეგიონში კოვიდ- -19- ით, 144 პაციენტია გარდაცვლილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button