რეგიონი

გაუჩინარებული მამაკაცის ახლობლები პროტესტისათვის თბილისში შეიკრიბებიან

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან დაკარგული 42 წლის ნაზიმ ნაბიევის ოჯახის წევრები და ახლობლები თბილისში, პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მისვლას გეგმავენ.

ნაბიევის ახლობლები სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ერთი თვის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენას დაუყოვნებლივ ითხოვენ.

შეგახსენებთ, მამაკაცი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან 4 იანვარს გავიდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ ყურბანოვებთან ერთად, საქონლის საყიდლად წალკაში წასვლას აპირებდა.

მამაკაცს თან დიდი რაოდენობით თანხა ჰქონდა და ოჯახი ვარაუდობს, რომ მისი გაუჩინარება ფულს უკავშირდება. ახლობლები თვლიან, რომ დაკარგულ მამაკაცზე სრული ინფორმაცია მამა_ შვილ ყურბანოვებს აქვთ და მათ დაკავებას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია ნაბიევის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით, საგარეჯოს პოლიციასთან 4 თებერვალს ჩატარდა, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია.

გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button