გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა-ოცნება
პირობა საქართველოს – საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში კი, სამივე ლიდერი ამბობს, რომ პირადად იქნებიან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები.
მაკრონი, შოლცი და ტუსკი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები.
მათ საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ წარმოუდგენელია ქართველებისთვის ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა:
“ჩვენ გარშემო გვივლიან არაპირდაპირი, შემოვლითი არგუმენტებით. წარმოუდგენელია ქართველებისთვის, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინონ სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე. გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა. გვითხრან მაშინ, რომ თურმე ეს არის ევროპული ღირებულება და ჩვენ ვცდებოდით. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ეს არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულებების შესაბამისად მიღებული კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანხები, რომელიც იხარჯება საჯარო წყაროებიდან და განსაკუთრებით, თანხები, რომელიც იხარჯება უცხოეთიდან სხვა ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე. გამოვიდნე და ვინმემ თქვას, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვის გაუმჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფარულს ფულს საქართველოში ყველა ხედავს, როდესაც შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან,”- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
რატომ უნდა გაუქმდეს კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას? რატომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, სუვერენიტეტის გამყარებას, ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც ამ კითხვაზე პასუხი ვინმეს მოგისმენიათ ჩვენს ქვეყანაში ან ჩვენი ქვეყნის გარეთ მოგისმენიათ? – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ევროპელი პარტნიორების ნაწილი მოთხოვნის შეფასებისას.
მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა ამ საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტები უნდა წარმოადგინო, რასაც მმართველი გუნდი კონტრარგუმენტებს დაუპირისპირებს.
“რატომ უნდა გაუქმდეს მაგალითად, კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას? რატომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, სუვერენიტეტის გამყარებას, კანონი, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრია, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში არის. ძალიან საინტერესოა, როდესაც საფრანგეთის ოფიციალურ პირები მოითხოვენ ამ კანონის გაუქმებას, თავის ქვეყანაში რატომ მიიღეს კიდევ უფრო მკაცრი კანონი? როდესაც იქნება რაიმე არგუმენტი, ჩვენც გვექნება საპირისპირო, შესაბამისი კონტრარგუმენტები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, სლოვენიელი დიპლომატი მარტა კოსი ქართველ ხალხს მიმართავს. ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს გაფართოების პროცესი, თუ საქართველო ორ პირობას შეასრულებს – გააუქმებს კანონებს საგარეო ჩარევისა და ოჯახური ფასეულობების შესახებ.
“მაქვს მესიჯი ქართველი ხალხისთვის: არ დაკარგოთ იმედი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ გაფართოების პროცესი. პირველი პირობა იქნება, საქართველოს მთავრობამ დაგვანახოს, რომ მზადაა, ამ გზით იაროს.
ამიტომ, ველით, რომ გააუქმებენ ორ კანონს: საგარეო ჩარევისა და ოჯახური ფასეულობების შესახებ. ეს იქნება პირველი ნიშანი და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მოვამზადეთ ფულადი პაკეტი არა მხოლოდ მთავრობის რეფორმებისთვის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც.
ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა, ჯერ არაფერი დასრულებულა… იმედი მაქვს, რომ ჩვენც შევძლებთ, EP-ის დახმარებით, საქართველოს მხარდაჭერას”, – აღნიშნავს კოსი.