პრეზიდენტი, ზელენსკი ლვივში ჩავიდა
პრეზიდენტმა პრორუს დეპუტატებს მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც მას შეხვედრა ჰქონდა უკრაინის უსაფრთხოების ვითარებაზე. ასევე, მან პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.
“ლვოვში ვიზიტი ყველაზე მნიშვნელოვანი რამით დავიწყე – პატივი მივაგე უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას”,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.
კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს ბელარუსის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება.
ზელენსკის ინფორმაცია მიეწოდა საზღვარზე სიმაგრეების მდგომარეობისა და გაძლიერების, ასევე ბელარუსის მოსაზღვრე რეგიონებში მესაზღვრეებისა და სამხედრო პერსონალის მატერიალურ დახმარებაზე.
“ჩვენ გვესმის, რომ ძლიერი განცხადებების გარდა, ჩვენ სხვა რაიმე ძლიერს ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენ მზად უნდავიყოთ, როგორც საზღვარზე, ისე რეგიონში”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია რივნეს ატომური ელექტროსადგურის დაცვისა და საიმედო ფუნქციონირების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა პოლიტიკოსებს ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, რენატ კუზმინს და ანდრეი დერკაჩს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა. ოთხივე პოლიტიკოსი უკრაინაში პრორუსულად მიჩნეული პარტიის, “ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის” წევრი იყო.
გასული წლის ივნისში პარტიის საქმიანობა ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა. 2022 წლის სექტემბრამდე ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ვლადიმირ პუტინის შვილის ნათლიაა, უკრაინაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. სექტემბერში იგი გაცვალეს რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ პოლკის მეთაურებზე.
დასავლური მედია იტყობინება, რომ პუტინი პირადად დათანხმდა ასეთ გაცვლას. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ “აზოველებს” ტრიბუნალს მოუწყობდა.
ტარას კოზაკი, უმაღლესი რადის საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის ყოფილი წევრი, რამდენიმე უკრაინული ტელეარხის, კერძოდ, “ნიუს ერთის”, “ზიკის” და “112 უკრაინის” მფლობელი იყო. 2021 წელს მათი მაუწყებლობა შეწყდა და პოლიტიკოსის წინააღმდეგ ღალატის ბრალდებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ კოზაკის კომპანიები აფინანსებდნენ რუსულ პროსამთავრობო სტრუქტურებს. მსგავსი საქმეები აღიძრა რენატ კუზმინისა და ანდრეი დერკაჩის წინააღმდეგ.
გამოძიების მასალების მიხედვით, კუზმინმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის წინა დღეს მედიაში გამოაქვეყნა “პროპაგანდისტული მასალები უკრაინის წინააღმდეგ”. დერკაჩს ბრალად დასდეს რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობა. გასული წლის დეკემბერში პოლიტიკოსი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის სანქციების ქვეშაც მოექცა.
ომის დაწყების შემდეგ კოზაკმა, კუზმინმა და დერკაჩმა დატოვეს უკრაინა, მათი ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.