მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

გენერალ გიორგი კვინიტაძეს, გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, საფრანგეთიდან სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ.ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ გმირს საკუთარი ქვეყნის მიწას, სამხედრო პატივით მიაბარებენ.

დამოუკიდებელი ქვეყნის გენერალს მთაწმინდაზე სწორედ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაკრძალავენ. კვინიტაძე ქართველთა ისტორიულმა სათვისტომომ, საფრანგეთში მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიიდან სამშობლოში უკვე გამოაცილა.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

ის ქვეყნის ისტორიაში დარჩა, როგორც ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button