მნიშვნელოვანისაქართველო

Georgian Airways 23 მარტიდან სპეციალურ რეისებს აღარ განახორციელებს

საქართველოს ავიახაზები Georgian Airways – საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ. ” CoV–ის გამოჩენის დღიდან, ჩვენ ვასრულებდით რეისების განრიგს რეგულარულად, იტალიის გარდა, რომელიც მთავრობის მოთხოვნით შესრულდა, არც ერთი ჩარტერი, ან სპეცრეისი არ იყო დაგეგმილი. 20 მარტს, ღამით, დაიხურა საქართველოს საჰაერო სივრცე,

ფრენების უმეტესი ნაწილისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. მას შემდეგ, მხოლოდ დღევანდელ ბერლინის რეისზე მივიღეთ ნებართვა.

დღეიდან, 23.03.2020-დან, ჯორჯიან ეარვეისი აღარ განახორციელებს სხვა რეგულარულ რეისებს, გაურკვეველი ვადით.

21 მარტს საქართველომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მომავალი რეისების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ საქართველოს საელჩოებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს! თუ ფლობთ ბილეთებს ჩვენს რეისებზე, გთხოვთ, მოგვწეროთ ჯავშნის ნომრები მეილზე. მადლობა თანამშრომლობისთვის! ” – ნათქვამია განცხადებაში. 

ამ განცხადებას წინ უძღვოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება, მან 22 მარტს საქართველოს ავიახაზების დირექტორი ტარიფების ხელოვნურად აწევაში დაადანაშაულა.

” საქართველოს ავიახაზების დირექტორი ელოდება მხოლოდ იმას, რომ მეტი გადაუხადონ.მე ვფიქრობ, რომ აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტს ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ აკსირებს სახელმწიფო, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე; ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კომპანიები იქნებიან ექსპროპრიებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. აი ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან”, — განაცხადა გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქართველოში ფრენები მხოლოდ მთავრობის განკარგულებით განხორციელდება. აირზენას დირექტორის განცხადებით, კომპანია მზადაა ნებისმიერი რეისი განახორციელოს, თუმცა მთავრობა მას ამის უფლებას არ აძლევს.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან საქართველოს მოქალაქეებს თანმიმდევრობით, დაგეგმილი რეჟიმით ჩამოიყვანენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ ვისაც ჩამოიყვანენ, კარანტინით უნდა უზრუნველყონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button