მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

Georgian Airways-ი ისრაელი-საქართველოს მიმართულებით ბილეთის ფასის ზრდას უარყოფს

ინფორმაცია, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების გამოყენებით „ჯორჯიან ეარვეისმა“ თითქოსდა ბილეთების ფასები გაზარდა, ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესცენტრი ავრცელებს.
“ჯორჯიან ეარვეისის” ცნობით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს თელ -ავივი-თბილისის მიმართულებით, ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა.

მათივე ცნობით, ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი.
„ბოლო დღეებში სოციალური ქსელებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების გამოყენებით ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თითქოსდა ბილეთების ფასები გაზარდა. ეს ინფორმაცია ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია, ვინაიდან ამ მიმართულებაზე მძაფრი კონკურენციაა, რაც ბილეთის ფასებზე ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავს. ისრაელის მიმართულებაზე ამ ქვეყნის სამი ავიაკომპანია („ელ ალი“, „არკია“, „ისრაირი“) დაფრინავს კვირაში 35 რეისით. „ჯორჯიან ეარვეისი“ კი მიმართულებაზე წარმოდგენილია კვირაში მხოლოდ 10 რეისით, რაც იმას ნიშნავს, რომ, კონიუნქტურის გათვალისწინებით, ბილეთის ფასებს ისრაელის ავიაკომპანიები განსაზღვრავენ. ამიტომ „ჯორჯიან ეარვეისი“, სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად ფასებს ვერ გაზრდის.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს ჯაშუშომანია. როგორც ვხედავთ, უცხოური კომპანიებიდან დაქირავებული, მოსყიდული ეკონომიკური ლობისტები საქართველოში ქართული კომპანიების გაშავებით არიან დაკავებული. ეს არის ნამდვილი ეკონომიკური შპიონაჟი; ეს არის საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხისა და საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა; ეს არის ღალატი. ამ საქმეში ჩართული ადამიანებისთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, ყველაფერი ქართული მათთვის ცუდი და მიუღებელია. მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ – საკუთარი ჯიბის გასქელება. როგორ ავხსნათ მათი საქციელი, როდესაც გააკეთეს ბიზნესკლასის ბილეთის სქრინი და მიაწერეს: შეხედეთ, „ჯორჯიან ეარვეისი“ ბილეთებს რა უზარმაზარ ფასს ადებსო. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ გაფრენის წინა დღეებში ან უშუალოდ გაფრენის დღეს ბილეთები ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც დაახლოებით ათასამდე ლარს შეადგენდა. ერთი კვირით ადრე შეძენილი ბილეთების ფასი კი დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში იყო. ერთხელ კიდევ გავიმეორებთ: ბილეთის ფასები დამოკიდებულია ისრაელის ავიაკომპანიებზე.

ერთი სიტყვით, ამ მოსყიდული ლობისტების მოსაწონი არც ქართული კომპანიებია და არც ხელისუფლება. ჩვენ ეს არ გვიკვირს. ქვეყანაში, სადაც სულ სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ექვსი ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაფუძნებული (რითიც, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში), რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის მძიმე ტვირთია, რადგან მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ მუშაობს. გასაკვირია, რომ ჩვენი მთავრობა ამ პირობებში ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესცენტრის განცხადებაში.

Wizz Air-მა განაცხადა, რომ ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

“ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით,” – ამბობენ კომპანიაში.

ამას გარდა, CNN-ის ცნობით, ისრაელიდან და ​ისრაელის მიმართულებით, ავიამიმოსვლა შეაჩერა რამდენიმე აზიურმა კომპანიამაც. მათ შორის, Korean Air-მა, Air India-მა და Cathay Pacific-მა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც.

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სჭირდება დახმარება თავშესაფართან ან ავიარეისებთან დაკავშირებით, ცდილობენ, ეფექტური დახმარება გაუწიონ.

“გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ხუთი რეისი შესრულდა. ამ რეისებით ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც 7 ოქტომბერს გამომგზავრება ვერ შეძლეს. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, “ისრეარის” რეისი გაუქმდა. მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ სადმე თავშესაფარი და ღამის გასათენებელი. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას.

ზოგადად, ისრაელში მდგომარეობა არის მშვიდი, ვგულისხმობ ისრაელის ცენტრს. დღეს ოთხი რეისი არის თბილისის მიმართულებით, ამ დილით ადრე შესრულდა რეისი, “ელალის” რეისი სრულდება ხუთ საათზე – გადაიდო რამდენიმე საათით, არ გაუქმებულა. ასევე, საღამოს იქნება “აირზენას” რეისი, ისევე როგორც ხვალ და ზეგ. ინტერესი დიდია, ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ.

ბილეთები არის სხვადასხვა ავიაკომპანიაზე, მაგალითად, 12 13 და 14 ოქტომბრის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც წესი, ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ გამომგზავრებას, ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასეთი ოჯახები აუქმებენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ შეიძლება ბოლო წუთს ასევე ადგილები გამოჩნდეს სხვადასხვა ავიარეისზე.

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება დახმარება, თუ არ აქვს ღამის გასათევი ან ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვაძლევთ კონსულტაციებს და ეფექტურად ვცდილობთ, დავეხმაროთ,” – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button