მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი ტრანში გადასცა

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან ამერიკული წარმოების ავიაგამანადგურებლებს, F-16-ებს, შემოდგომაზე ან ზამთარში ვერ მიიღებს

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი ტრანში გადასცა, რომელიც IRIS-T-ის ორ გამშვებ დანადგარს მოიცავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, IRIS-T გამშვებების გარდა, გერმანიამ უკრაინას 4 500-ზე მეტი 155 მმ-იანი საკვამლე ჭურვი გადასცა.

ამასთან, ახალ პაკეტში შედის GO12 ტიპის 10 სათვალთვალო რადარი.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, კიევში ვიზიტის დროს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს, როდესაც უკრაინელი პილოტები წვრთნას დაასრულებენ.

„როგორც კი სწავლება დასრულდება (თვითმფრინავები იქნება) ვფიქრობ, უკრაინელი პილოტები წვრთნიდან დაბრუნდებიან და თვითმფრინავებიც მათთან ერთად იქნება. ეს იქნება სინქრონიზებული პროცესი. მერწმუნეთ, ამ კვირაში პრეზიდენტი ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს და ამ პროცესის დაჩქარებაზე საუბრობს. დიპლომატიურად ვიტყვი: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება”, – აღნიშნა კულებამ.

ცნობისთვის უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან ამერიკული წარმოების ავიაგამანადგურებლებს, F-16-ებს, შემოდგომაზე ან ზამთარში ვერ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური იგნატმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ თვითმფრინავებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ვინაიდან ის შეიძლებოდა, გამხდარიყო საჰაერო თავდაცვისა და რუსული რაკეტებისა და დრონებისგან თავდასხმის მოგერიების საშუალება.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინელი პილოტების გაწვრთნის საკითხი „პრაქტიკულად ადგილიდან დაიძრა“. „ვხვდებით, რომ ჩვენი პილოტები უახლოეს მომავალში დაიწყებენ სწავლას“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ების სამართავად აგვისტოში დაიწყება.

ამავდროულად, გამოცემა Politico-ს თანახმად, უკრაინელი მფრინავების მომზადება მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და პირველი თვითმფრინავი უკრაინაში ჩავა არაუადრეს 2024 წლის გაზაფხულისა. ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა ნებართვა, ასწავლონ უკრაინელ პილოტებს ავიაგამანადგურებელ F-16-ის მართვა. სწავლებაში წამყვან როლს დანია და ნიდერლანდი შეასრულებენ.

რუსეთის შეჭრის გამო უკრაინამ სამხედრო ავიაციის უმეტესი ნაწილი დაკარგა. კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან ავიაგამანადგურებლების გადაცემას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button