გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენცია გაიხსნა
მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა ჟუროვას შეხვდა

გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა.
ღონისძიებას, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია, 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები.
კონფერენციის მთავარი თემა იქნება უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე სომალიში, სუდანსა და ჰაიტიში მიმდინარე ომები ასევე ნატო-ს თავდაცვის ხარჯები იქნება. სხვა მნიშვნელოვანი თემები იქნება საერთაშორისო სამართლის უზენაესობა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაძლო რეფორმა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.
სააგენტო dpa წერს, რომ მიუნხენის მიმდინარე კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სტუმარი ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება და რომ ზელენსკის კონფერენციაზე ყოფნა უკრაინისთვის ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
კონფერენციის კიდევ ერთი მთავარი თემა ღაზის სექტორში არსებული ვითარება და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიება იქნება. მიუნხენის ფორუმზე ისრაელს წარმოადგენენ პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი. კონფერენციას ასევე ესწრებიან პალესტინის ხელისუფლებისა და მეზობელი სახელმწიფოების – კატარის, საუდის არაბეთის, იორდანიის და ეგვიპტის ხელისუფლებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
კონფერენცია ფოკუსირებულია თავდაცვისა და დიპლომატიის საკითხებზე.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილე მაღალჩინოსნებს შორის არიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კონფერენციას ესწრებიან პოლიტიკოსები, სამხედრო ოფიცრები და დიპლომატები მთელი მსოფლიოდან. კონფერენციას ასევე დაესწრებიან ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი მოჰამად შტაიე.
მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა ჟუროვას შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ჟუროვასთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა
“საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს საქართველოში გავლენების გაფართოებასა და ფეხის მოკიდებას, ევროკომისიის ამ ნაბიჯმა უფრო მეტად გააძლიერა საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებები.” ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 18 თებერვლამდე გაგრძელდება.