მნიშვნელოვანისიახლეები

“ღამე ფრენას ვერც ახალი სამაშველო ვერტმფრენი H 145 შეძლებს” – გომელაური ახალ ვერტმფრენზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ისაუბრა ახალ, ევროპული ტიპის “H 145” ვერტმფრენზე, რომელიც სამინისტროს გადმოეცა. ჯამში სახელმწიფომ სამი ამ ტიპის ვერტმფრენი შეიძინა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ღამე ფრენას ვერც ახალი სამაშველო ვერტმფრენი H 145 შეძლებს. ამის შესახებ მან პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას თქვა.

კითხვაზე, ამ ვერტმფრენის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა შოვში ადამიანების გადარჩენა, გომელაური ამბობს, რომ ახალი ვერტმფრენი ვერ იფრენს ღამე და ვერც ის შევიდოდა ხეობაში, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ამ ვერტმფრენის არსებობის შემთხვევაში ყველას გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, სიცრუეა.

“იქნებოდა თუ არა შესაძლებელი ამ ვერტმფრენზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, ვისაუბრეთ, ერთი გადმოგვეცა, თუმცა ჯერ არ წამოსულა და ალბათ, ხვალ ან ზეგ დაიძვრება ამინდებიდან გამომდინარე და ჩამოვა პირველი საფრენი აპარატი. ეს, რა თქმა უნდა, ახალი საფრენი აპარატია, ბევრად უფრო კომფორტულია, თუმცა ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, რაც გაჟღერდა, რომ იქ ყველას გადავარჩენდით, ასე მოხდებოდა, ეს არის სიცრუე. შემიძლია, თუ თქვენი ნება იქნება, მოვიყვანო თვითონ ვინც არიან ამის პროფესიონალები, ექსპერტები და აგიხსნან. მე მათ მოყოლილს გიყვებით ხოლმე. ღამე ვერც ეს ვერტმფრენი ვერ იფრენს, ეგ იცოდეთ, შეუძლია, იგივე რაც შეუძლია დღევანდელ ვერტმფრენებს, რაც ჩვენ გვყავს, აფრინდეს ბათუმის, ვთქვათ, აეროპორტიდან და ჩამოფრინდეს თბილისის აეროპორტში, თუ ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი არ არის საფრენ ზონაში, იგივე პრობლემები აქვს ამ ახალ ვერტმფრენსაც.

ანუ ის, რომ ეს ვერტმფრენი ახლა ღამე მიფრინდება, ხეობაში შეფრინდება, დაჯდება და ვიღაცას აიყვანს, ეს პრობლემა ამასაც აქვს, ეს ყველა ვერტმფრენს აქვს ასეთი პრობლემა”, – ამბობს გომელაური.

მისივე თქმით, “ბეწვზე გადარჩნენ” ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის დროს, რადგან შემთხვევით ხეს წამოედო კალათა.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში, შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი პირის ცხედარი ნაპოვნი არაა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი 12 მარტს გადაეცა. ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button