ღამით რუსებმა ზაპოროჟიე რაკეტებით დაბომბეს

უკრაინული მხარის ცნობით, ღამით რუსებმა ზაპოროჟიზე 6 სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით, ღამის 2 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა
ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო ამბობს, რომ დგინდება რაკეტების ტიპი, რომელიც რუსებმა გამოიყენეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიან შენობას მოხვდა.
მალაშკოს თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა 8 ბინა.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა ანატოლი კურტევმა დილის 5 საათის შემდეგ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.
“ამჟამად ცნობილია ორი დაღუპული და ოთხი დაშავებული, კიდევ სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება”, – თქვა მან.
დაკარგულად ითვლება სულ მცირე 3 ადამიანი. ადგილზე გრძელდება სამაშველო-სამძებრო ოპერაცია.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი, მათ შორის ტერიტორია, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე, კიევის კონტროლქვეშაა.