ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიესა და მის შემოგარენზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის ცნობით, წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
“განადგურებულია სამოქალაქო, საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. შემოვიდა ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ადგილზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები”, – აცხადებს ის.
წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. სარაკეტო დარტყმის ადგილებში მუშაობას განაგრძობენ მაშველები და მედიკოსები.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ცნობით, იერიშის სამიზნე ქალაქის ცენტრი და გარეუბანი გახდა.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროები შეტევაზე ერთდროულად ორი მიმართულებით ცდილობენ გადასვლას: ატარებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტსა და ავდეევკაში და ცდილობენ, გაიუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში რუს დამპყრობლებთან ბრძოლები გრძელდება.
ამასთან უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით ცდილობენ შეტევაზე გადასვლას. მათივე ცნობით, ისინი ცდილობენ, გააუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.